მურთაზ კიკორია - "ეროვნული ბანკის შესახებ" საკანონმდებლო პაკეტის მიღებით საფინანსო სექტორი უფრო უსაფრთხო იქნება
მურთაზ კიკორია - "ეროვნული ბანკის შესახებ" საკანონმდებლო პაკეტის მიღებით საფინანსო სექტორი უფრო უსაფრთხო იქნება

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის მურთაზ კიკორიას განცხადებით, “ეროვნული ბანკის შესახებ” საკანონმდებლო პაკეტის მიღების შემდეგ, საქართველოში საფინანსო სექტორი უფრო უსაფრთხო იქნება.

ჟურნალისტებთან საუბარში კიკორია პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ ცვლილებების მეორე მოსმენით მხარდაჭერას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს არის მნიშვნელოვანი ცვლილება.

“მთავარია, რას მისცემს ეს საბანკო სექტორისა და მიკროსაფინანსო სექტორის მომხმარებელებს. ეს რეფორმა უშუალოდ ბანკებს ეხება, მაგრამ მიზანი გათვლილია ამ სისტემის მომხმარებლებზე. ამ რეფორმით, საქართველოში საფინანსო სექტორი უფრო უსაფრთხო იქნება და მის მდგრად განვითარებას კიდევ უფრო მყარი საფუძვლები ექნება. საფინანსო სექტორის გამოყენების რისკები მცირდება, მსესხებელი უფრო სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებს და ასევე საფინანსო სექტორი უფრო პასუხისმგებლობით მოეკიდება საკუთარ საქმიანობას. რეფორმის მთავარი კომპონენტია, რომ ქვეყანაში არავის არ ექნება უფლება, მომხმარებისგან თანხა მოიზიდოს, თუ ეს კომპანია ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული არ იქნება. სხვა შემთხვევაში, ასეთი საქმიანობა კრიმინალიზებული იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ ის პრობლემები თავიდან უნდა ავირიდოთ, რაც ზოგიერთ ფინანსურ დაწესებულებასთან დაკავშირებით არის. წესით, ის პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ უნდა აღმოიფხვრას, რასაც პირამიდები ჰქვია. წინა წელთან შედარებით, ე.წ. ონლაინ სესხებთან მიმართებაში სხვა სურათი გვაქვს. ეფექტური განაკვეთის ზედა ჭერი დადგინდა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ 100 ათას ლარამდე სესხების ლარში გაცემული ვალდებულებაა. ამ ქმედებების განხორციელება მოსახლეობაზე აისახა”, – განაცხადა კიკორიამ.

პარლამენტის დარგობროვი კომიტეტის წევრებმა ცვლილებების მიმართ კრიტიკული პოზიცია დააფიქსირეს და მთავრობას შენიშვნების გაზიარება ურჩიეს.