მურთაზ კიკორია არ აკონკრეტებს, სად გააგრძელებს მუშაობას ეროვნული ბანკიდან წასვლის შემდეგ
მურთაზ კიკორია არ აკონკრეტებს, სად გააგრძელებს მუშაობას ეროვნული ბანკიდან წასვლის შემდეგ

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი მურთაზ კიკორია არ აკონკრეტებს, სად გააგრძელებს მუშაობას ბანკიდან წასვლის შემდეგ, თუმცა ამბობს, რომ ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა და არ უკავშირდება საფინანსო სექტორში მიმდინარე პროცესებს ან ახალ რეგულაციებს.

„არანაირი კავშირი ჩემს წასვლას საბანკო რეგულაციებთან არ აქვს. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ ორი წლის განმავლობაში მონაწილეობა მივიღე მნიშვნელოვან, საფუძვლიან ცვლილებებში; ჩემი შეფასებით, მეტად კარგ გადაწყვეტილებებში საფინანსო სექტორში.ვფიქრობ, ჩემი მუშაობა ნაყოფიერი იყო. ეს ცვლილებები ბევრი წლის განმავლობაში გამოადგება ქვეყანას და საფინანსო სექტორს“, – აღნიშნა კიკორიამ.

მურთაზ კიკორია ეროვნულ ბანკში 2016 წლის დეკემბრიდან მუშაობს. მანამდე კი ხელმძღვანელ პოზიციებზე „საქართველოს ბანკში“ მუშაობდა.

კანონის მიხედვით, ეროვნული ბანკიდან წასვლის შემდეგ კიკორიას ექვსი თვის განმავლობაში ეკრძალება საქართველოს საფინანსო სექტორში მუშაობა.