მურთაზ კიკორია - ახალი რეგულაციების შეჩერება ან ვადის გადაწევა არ იგეგმება
მურთაზ კიკორია - ახალი რეგულაციების შეჩერება ან ვადის გადაწევა არ იგეგმება

საფინანსო სექტორში ასამოქმედებელი ახალი რეგულაციების შეჩერება ან ვადის გადაწევა არ იგეგმება, – აცხადებს ეროვნულო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი მურთაზ კიკორია.

ეროვნული ბანკის წარმომადგენელი ამბობს, რომ ცვლილებას არ ექნება გავლენა მცირე ბიზნესის დაკრედიტებაზე.

“ეს რეგულაცია არ ეხება ბიზნეს დაკრედიტებას, მათ შორის მიკრო ბიზნესს, მითუმეტეს, სოფლის მეურნეობის დაკრედიტების საკითხებს. ამ მიმართულებით პრაქტიკულად გაგრძელდება არსებულ მიდგომები და პრაქტიკა. საუბარი იმაზე, რომ ამ რეგულაციამ შეიძლება ნეგატიური გავლენა მოახდინოს მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებაზე, რბილად რომ ვთქვათ, არასერიოზულია”, – განუცხადა კიკორიამ ჟურნალისტებს.

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი არ იზიარებს მოსაზრებას, რომ ამ თემაზე საფინანსო სექტორთან კომუნიკაციის ნაკლებობა იყო.

“რეგულაციაზე საუბარი წელიწადზე მეტი მიმდინარეობს, იყო გამოქვეყნებული პროექტი და ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობდა ფინანსურ სექტორთან და დაინტერესებულ პირებთან. ახლაც რეგულაციაზე მიდის მუშაობა”, – აღნიშნა კიკორიამ და არ გამორიცხა, რომ რეგულაციების გამოქვეყნებამდე პროექტში ცვლილებები შევიდეს.

კიკორიას განცხადებით, რეგულაციების მთავარი ამოცანა ქვეყანაში და საფინანსო სექტორში ჯანსაღი საკრედიტო პრაქტიკის დანერგვაა

“ქვეყანაში სესხის გამცემებმა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ მსესხებლის ფინანსური მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე”, – დასძინა კიკორიამ.

შეგახსენებთ, რომ ახალი რეგულაციების ამოქმედება საბანკო სექტორში 1 ნოემბრიდან იგეგმება, სხვა საფინანსო ორგანიზაციებისთვის კი პირველი იანვრიდან.

სპეციალისტთა ნაწილი ფიქრობს, რომ მოქალაქეებს სესხებზე წვდომა მნიშვნელოვნად შეეზღუდებათ.