მურმან დუმბაძემ ოპოზიციას მიმართა - ჩემი უპირველესი თხოვნაა, ნუ ეტყვით თქვენს ამომრჩეველს, რომ 14 ოქტომბერს არ უერთდებით აქციას
მურმან დუმბაძემ ოპოზიციას მიმართა - ჩემი უპირველესი თხოვნაა, ნუ ეტყვით თქვენს ამომრჩეველს, რომ 14 ოქტომბერს არ უერთდებით აქციას

რუსთავის ნომერ მეთორმეტე პენიტენციურ დაწესებულებასთან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, დღევანდელი აქცია 14 ოქტომბრის მასშტაბური აქციის მოსამზადებელი აქციაა.

აქციის მონაწილე, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მურმან დუმბაძემ ოპოზიციის წარმომადგენლებს მიმართა და მოუწოდა, შეუერთდნენ 14 ოქტომბრის აქციას.

„განსაკუთრებით პოლიტიკურ პარტიებს მივმართავ. ოპოზიციის ლიდერები ამბობენ, რომ ჩვენ 14 ოქტომბერს, შეიძლება არ მოვიდეთო. ჩემი უპირველესი თხოვნაა მათი პარტიების, მათი მრევლის, ამომრჩევლის გადასარჩენად, ნუ ეტყვით თქვენს ამომრჩეველს, რომ 14 ოქტომბერს არ უერთდებით აქციას. 14-ში ყველა უნდა შევუერთდეთ. ეს არ არის მიხეილ სააკაშვილის პერსონიფიცირებული აქცია. აქ ინსტიტუტზე, საქართველოს მესამე პრეზიდენტზეა ლაპარაკი. მობრძანდით აუცილებლად, ყველა ერთად უნდა დავდგეთ, ძალა არის ერთობაში. ერთობით შეიძლება საქართველოს მესამე პრეზიდენტი გამოვიხსნათ ამ ციხიდან“, – განაცხადა მურმან დუმბაძემ.