მურმან დუმბაძემ აქციის მონაწილეებს მიმართა - წამომეხმარეთ ქართული ენის ბრუნვაში, სახელობითი, მერე რომელი მოდის? ახლა ვაბრუნოთ სიტყვა რევოლუცია
მურმან დუმბაძემ აქციის მონაწილეებს მიმართა - წამომეხმარეთ ქართული ენის ბრუნვაში, სახელობითი, მერე რომელი მოდის? ახლა ვაბრუნოთ სიტყვა რევოლუცია

რამდენიმე რევოლუცია გამომივლია და პრაქტიკულად, ხელისუფლებაში ყოველთვის მოვდიოდი რევოლუციით. აბსოლუტურ გარანტიას გაძლევთ, ეს არის ერთადერთი ხელისუფლება, რომელსაც რევოლუცია არ დასჭირდება, – ამის შესახებ მურმან დუმბაძემ ქუთაისში მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, გამარჯვება ძალიან ახლოსაა. ამასთან, მურმან დუმბაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებასაც გამოეხმაურა.

„სუს-მა რა შემოგვითვალა ხომ არ გახსოვთ? არ ახსენოთ სიტყვა, არ ახსენოთო? და ჯეფერსონი რომ ახსენებდა, ჩვენ რა ვქნათ? ჯეფერსონებზე უკეთესები ვართ ჩვენ? აბა, ცოტა წამომეხმარეთ, წამომეხმარეთ ქართული ენის ბრუნვაში: სახელობითი, მერე რომელი მოდის? მოთხრობითი, მერე რომელი? მიცემითი. მერე რომელი?ნათესაობითი. მერე რომელი? მოქმედებითი. მერე რომელი? ვითარებითი, მერე წოდებითი. და ახლა ვაბრუნოთ სიტყვა. რევოლუცია, რევოლუციამ, რევოლუციას, რევოლუციის, რევოლუციით, რევოლუციად და წოდებითში როგორ არის? ჩემო ძვირფასო რევოლუცია, და რა დავაშავეთ ახლა ამით? ამიტომ სუს-მა უნდა დაგვსაჯოს? ვაი, შენს პატრონს უბედურს, ჩემო სუსო.

რამდენიმე რევოლუცია გამომივლია და პრაქტიკულად, როცა ხელისუფლებებში მოვდიოდი, ყოველთვის მოვდიოდი რევოლუციით. აბსოლუტურ გარანტიას გაძლევთ, ეს არის ერთადერთი ხელისუფლება, რომელსაც რევოლუცია არ დასჭირდება. გამარჯვება არის ძალიან ახლოს, თქვენი სიმტკიცით, თქვენი შემართებით, თქვენი ერთობით ძალიან ახლოს“, – განაცხადა მურმან დუმბაძემ.

სიტყვით გამოსვლისას, მურმან დუმბაძემ დაასახელა ის სამი პირობა, რომლის შესრულებასაც ითხოვენ.

„არ შევდივართ სახლში, ძალიან მარტივი ალგორითმი, როგორც ნიკამ თქვა – არ შევდივართ სახლში. და როდის შევდივართ? შევდივართ მაშინ და მხოლოდ მაშინ, როცა შესრულდება სამი პირობა. პირველი -საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს აღუდგება მოქალაქეობა. მეორე – საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს საქართველოშივე მიენიჭება პოლიტიკური საქმიანობის სრული თავისუფლება და მესამე პირობა – დაინიშნება ვადამდელი არჩევნები. გაუმარჯოს საქართველოს, გაუმარჯოს თავისუფლებას“, – აღნიშნა მურმან დუმბაძემ.