მურმან დუმბაძე - პარლამენტთან პოლიტიკური პარტიებისთვის არ მოვსულვართ, ქვეყნის საგარეო ორიენტაცია შეიცვალა, რა დროს პარტიებია
პარლამენტთან პოლიტიკური პარტიებისთვის არ მოვსულვართ, ქვეყნის საგარეო ორიენტაცია შეიცვალა, რა დროს პარტიებია, – ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა მურმან დუმბაძემ პარლამენტთან განაცხადა.
„მე აქ მოქალაქე მურმან დუმბაძე ვარ, არ ვიცი, პოლიტიკური პარტიებისთვის არ მოვსულვართ. აქ ქვეყნის საგარეო ორიენტაცია შეიცვალა, რა დროს პარტიებია. პარტია სიტყვა-სიტყვით ნიშნავს რაღაც ნაწილს, ნაწილით კი არ ვლაპარაკობ, მე ჩემი სულით ვლაპარაკობ, ჩემი ღირსებით ვლაპარაკობ“, – განაცხადა მურმან დუმბაძემ.
საქართველოს პარლამენტის შენობასთან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები იმყოფებიან, რომლებმაც რამდენიმე წუთის წინ საკანონმდებლო ორგანოსთან კიდევ ერთი კარავი გაშალეს.
როგორც პარლამენტთან შეკრებილები აცხადებენ, ისინი ითხოვენ ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლებას, ასევე ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს.
ამასთან, პარლამენტთან კარვები გუშინაც გაშალეს. როგორც ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, კარვებში იქნება ცხელი ჩაი, ყავა, გათბობა და აღნიშნავენ, რომ სურვილის შემთხვევაში, ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება, ღამე კარავში გაათიოს.