მურმან დუმბაძე - ნიკა მელიას შეცდომაა, რომ არ გამოყარა ყველა პარლამენტარი, ვინც მოიწვია ოკუპანტი და დასვა საქართველოს პარლამენტში
მურმან დუმბაძე - ნიკა მელიას შეცდომაა, რომ არ გამოყარა ყველა პარლამენტარი, ვინც მოიწვია ოკუპანტი და დასვა საქართველოს პარლამენტში

ნიკა მელიას შეცდომა ის კი არ არის, რომ პარლამენტში არ შევიდა, მისი შეცდომაა, რომ არ გამოყარა ყველა პარლამენტარი, ვინც მოიწვია ოკუპანტი და დასვა საქართველოს პარლამენტის შენობაში, – ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა მურმან დუმბაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ადამიანებს აქვთ თავისუფალი მიმოსვლისა და არჩევანის საშუალება, ასევე უფლება, იმოქმედონ გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში და აღნიშნა, რომ ნიკა მელიამ ქვეყანაში ოკუპანტის შემოსვლა გააკრიტიკა.

ამასთან, მურმან დუმბაძემ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებითაც ისაუბრა. მისი თქმით, გამოსავალი არის ერთადერთ საქმეში, რომ საერთაშორისო პარტნიორების მეშვეობით მოილაპარაკონ ვადამდელი არჩევნების თარიღზე და შეთანხმდნენ ტექნიკურ დეტალებზე.

„ღარიბაშვილის გამოსვლა ემსახურება ერთ მთავარ საქმეს, ქვეყანაში მეტი პოლარიზაცია, მეტი დაპირისპირება, მერი ურჩობა მთავრობის მხრიდან და მეტი განდგომა დასავლეთის მიმართულებით. უკან მობრუნებული ღარიბაშვილი საქართველოს ვერაფერს შესძენს, ეს შეუძლებელია. გამოსავალი არის ერთი, საქართველოს მოქალაქეებმა 31 ოქტომბერს საკუთარი ნება, მარჯვენა და მარცხენა ხელით დააფიქსირეს. მე არასდროს მითქვამს, რომ არჩევნები არის გაყალბებული, მე არასდროს ვამბობ, რომ არჩევნები გააყალბა ბიძინა ივანიშვილმა. პირიქით, ვამბობ, რომ უხეირო პოლიტიკური სისტემა დატოვა, უხეირო პოლიტიკური სისტემის პირობებშიც კი, საქართველოს მოქალაქემ გამოხატა საკუთარი ნება და ბიძინა ივანიშვილის „ქართულ ოცნებას“ 31 ოქტომბერს 20:00 საათზე ხელისუფლების გაგრძელებაზე უთხრა უარი. 52 პროცენტი 48-ის წინააღმდეგ, ეს არის რეალური შედეგი. საქართველოს მოქალაქე ფიქრობს, რომ 31 ოქტომბერს მიმდინარე ხელისუფალი შეიცვალა. არ შეეგუება მთელი ოპოზიციური სპექტრი, რომ სახლში დაჯდეს. გამოსავალი არის ერთადერთ საქმეში, საერთაშორისო პარტნიორების მეშვეობით დავსხდეთ, მოვილაპარაკოთ ვადამდელი არჩევნების თარიღზე და შემდეგ შევთანხმდეთ ტექნიკურ დეტალებზე.

ნიკა მელია ვერ წავა, რადგან დანაშაული არ აქვს ჩადენილი. ანტისაოკუპაციო რეჟიმისა და მისი მიმდევრების თბილისში ჩამოსვლა, ამის გაპროტესტება ვერ იქნება საფუძველი იმის, რომ სასამართლომ ეს დადგენილება მიიღო. გავრილოვი რომ შემოვიდა, მას ხომ ოკუპაციის კანონი დარღვეული ჰქონდა ჩახნაშვილო, გავრილოვს ჰქონდა საქართველოს კანონი დარღვეული, ის იყო ნამყოფი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ჯერ გავრილოვი დავაპატიმროთ და მერე ვიფიქროთ ნიკა მელიას დაპატიმრებაზე. თუ ამას გააკეთებ, მაშინ წამოვალ მის დაპატიმრებაზე. ვერ დააპატიმრებ, გამორიცხულია.

ადამიანებს აქვთ თავისუფალი მიმოსვლისა და არჩევანის საშუალება, მათ აქვთ უფლება, გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში იმოქმედონ, აქვთ რევოლუციის უფლებაც. თუ ვთქვათ, ნიკა მელია აწყობდა რევოლუციას საქართველოს პარლამენტში, იმისთვის, რომ გააკრიტიკა ოკუპანტის შემოსვლა, ღმერთმა ხელი მოუმართოს ასეთ რევოლუციებს. მე არ ვმონაწილეობდი ამ მიტინგზე, მაგრამ დიდი სიამოვნებით მივიღებდი მონაწილეობას. ნიკა მელიას შეცდომა ის კი არ არის, რომ პარლამენტში არ შევიდა, ნიკა მელიას შეცდომაა, რომ ის პარლამენტში უნდა შესულიყო და უნდა გამოეყარა ყველა პარლამენტარი, ვინც ოკუპანტი მოიწვია და დასვა საქართველოს პარლამენტის შენობაში“, – განაცხადა მურმან დუმბაძემ.