მურმან დუმბაძე - მიტინგი ხინკალი არ არის, წყალში ჩააგდო, მოხარშო, უეცრად ამოიღო და გაამატერიალურო, ჩვენ თუ ვიქნებით მტკიცე, სახელმწიფო იქნება მტკიცე
მურმან დუმბაძე - მიტინგი ხინკალი არ არის, წყალში ჩააგდო, მოხარშო, უეცრად ამოიღო და გაამატერიალურო, ჩვენ თუ ვიქნებით მტკიცე, სახელმწიფო იქნება მტკიცე

ბლოკირება ხდება, თუ ძალიან ბევრი ადამიანი მოიყრის თავს. პირადად მე, ბლოკირებასაც ვბედავ, მიტინგსაც ვბედავ, ხელისუფლების ლანძღვასაც ვბედავ. არ მეშინია, რადგან ხელისუფლება არის შესაცვლელი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, მურმან დუმბაძემ ჟურნალისტებს რუსთავი მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან განუცხადა, სადაც მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები არიან შეკრებილი.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი საქართველოს სახელმწიფოსთვის პოლიტიკური ფაქტორია და ეს უნდა აღიარონ მისმა ყოფილმა ოპონენტებმაც, მისმა დღევანდელმა მხარდამჭერებმა და მისმა მტრებმაც.

როგორც დუმბაძემ აღნიშნა, დღევანდელი აქციის მიზანი არის ის, რომ ქვეყანაში იყოს სტაბილურობა, მშვიდობა და სწრაფი განვითარება.

„ყველა გრძნობს, რომ ქვეყანა არის გაჩერებული. გაჩერების მიზეზი უამრავია, ახლა კონკრეტულ ფაქტორს თუ დავამატებთ ამ ყველაფერს, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება არის ნომერ პირველი მოთხოვნა დღეს საქართველოში. მას აღმოაჩნდა ძალიან ბევრი მხარდამჭერი საქართველოს მოქალაქეებში, უნდა ვაღიაროთ, მის ყოფილმა ოპონენტებმაც, მისმა დღევანდელმა მხარდამჭერებმა, მისმა მტრებმაც უნდა ვაღიაროთ, რომ ის საქართველოს სახელმწიფოსათვის არის პოლიტიკური ფაქტორი. მინდა, რომ ამ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, პერსონალურად ამისთვის ვდგავარ აქ. მშვიდობის მისაღწევად სამართლიანობაა საჭირო, სამართლიანობის მისაღწევად ყველა მოქალაქეს უნდა ჰქონდეს საქმიანობის უფლება საქართველოში. მე მაგალითად ვაყენებ ასეთ სამ პირობას – მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობა უნდა აღუდგეს, თუ გვინდა რომ დავწყნარდეთ; მას უნდა მიეცეს პოლიტიკური საქმიანობის სრული თავისუფლება საქართველოშივე და არა სხვაგან; უნდა დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები. სხვა შემთხვევაში არავითარი პერსპექტივა ამ ქვეყანას არ აქვს. ის, ვინც აქ დგას, მე ვარ დარწმუნებული საკუთარ გულში, არავის არ მოსწონს აქ დგომა. ეს არის დროის ზედმეტი ხარჯვა გლობალური გაგებადობის თვალსაზრისით, სინამდვილეში ეს არის ქვეყნის სტაბილიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯი. თუ მიხვდება ამას ხელისუფლება და იქნება კარგი, არ მოხვდება და დამარცხდება ძლიერად“, – განაცხადა მურმან დუმბაძემ.

მისივე თქმით, სუს-ის დღევანდელი განცხადება არის დაშინების პრევენცია.

„ჩვენ გაჩერებას არ ვაპირებთ, ამაში ჩვენ უბადლო ოსტატები ვართ. მე პირადად, უზარმაზარი გამოცდილება მაქვს ამ საქმეში. ხელისუფლება დღეს არის ერთი, ხვალ იქნება მეორე, ზეგ მესამე, ცვლადია, მარადიული არაფერი არ არის ამ ქვეყანაზე, მათ შორის ხელისუფლებაც. მიტინგი არ არის ხინკალი, ჩააგდო წყალში, მოხარშო, უეცრად ამოიღო და ის გაამატერიალურო, ასე არ არის, მაგრამ ჩვენ თუ ვიქნებით მტკიცე, სახელმწიფო იქნება მტკიცე, ხოლო თუ ჩვენ, მოქალაქეები ვიქნებით სუსტები, სახელმწიფოც იქნება სუსტი. მე ვფიქრობ, რომ საქართველოს სახელმწიფოს ერგება კარგი სახელმწიფოებრიობა. ამ შემთხვევაში, ისევ ვიმეორებ – მიშა სააკაშვილის თავისუფლება, პოლიტიკური კონკურენცია, ვადამდელი არჩევნები და ხელისუფლების მიხვედრა. ის ხელისუფლება, რომელიც ამას არ ხვდება, როგორც წესი, ისინი ძალიან ცუდად ამთავრებენ და ამის უამრავი მაგალითები არსებობს.

სუს-ის განცხადება, ეს არის პრევენცია იმისა, რომ ზოგიერთი დააშინოს, მაგრამ აქ ხედავთ, რომ ვინმეს რამის ეშინია. სუს-ის ასეთი მიდგომა არ ვარგა, რომ თურმე ჩვენ რაღაც საბურავებს ვამზადებთ, თურმე ტრუსკავეცში იმალება, რომ თურმე მიშა გვმართავს ციხიდან და ა.შ არავინ ამას არ იჯერებს.

როცა ხელისუფლება არჩევანს წაგართმევს, როცა ხელისუფლება გიშლის განვითარებას, როცა გვიჭირს, როცა პოლიტიკური სიტუაცია არ არის სტაბილური, როცა ჩიხში რაც უფრო დროს გადის, კიდევ უფრო შევდივართ, ბუნებრივია, ჩიხია ესეც, ამას ჩვენ ხომ არ ვმალავთ – სახელმწიფო ადმინისტრაციული შენობების ბლოკირება. ციხეც ხომ ადმინისტრაციული შენობაა?! ციხე კერძო პირის ხომ არაა, ციხე არის სახელმწიფოსი, ბლოკირება ხდება, რა თქმა უნდა, თუ ძალიან ბევრი ადამიანი მოიყრის თავს, ეს არის ბლოკირება. პირადად მე ბლოკირებასაც ვბედავ, მიტინგსაც ვბედავ, ხელისუფლების ლანძღვასაც ვბედავ. არ მეშინია, რადგან ხელისუფლება არის შესაცვლელი“, – განაცხადა მურმან დუმბაძემ.

პენიტენციურ დაწესებულებასთან პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერები და ოპოზიციის წარმომადგენლები არიან შეკრებილი. აქციაზე სიტყვით გამოსვლები ჯერ არ დაწყებულა.