მურმან დუმბაძე - ხელისუფლებამ უკან დაიხიოს და მიხეილ სააკაშვილს სასწრაფოდ აღუდგინოს მოქალაქეობა
მურმან დუმბაძე - ხელისუფლებამ უკან დაიხიოს და მიხეილ სააკაშვილს სასწრაფოდ აღუდგინოს მოქალაქეობა

ხელისუფლებამ დაიხიოს უკან და სააკაშვილს სასწრაფოდ აღუდგინოს მოქალაქეობა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, მურმან დუმბაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

„დღეს, მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა არ აქვს და გლდანის ციხეში და გორის ჰოსპიტალში ვის ვმკურნალობთ, საქართველოს მოქალაქეს, თუ ჩვენი მოკავშირე ქვეყნის, უკრაინის მოქალაქეს?! ხელისუფლებამ დაიხიოს უკან და სააკაშვილს სასწრაფოდ აღუდგინოს მოქალაქეობა. აი, ეს იქნება სწორი ნაბიჯი. ანუ, როცა ხელისუფლება უკან იხევს და სწორ ნაბიჯს გადადგამს, მე მაშინ შევაქებ და ხელს გავუწვდი“, – განაცხადა დუმბაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რატომ გაიმიჯნა ორი სხვადასხვა მოძრაობა და რატომ არ არის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება საერთო ოპოზიციური აქციების მთავარი მოთხოვნა, ნოდარ დუმბაძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება საერთო ოპოზიციური მოთხოვნაა.

„მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, მისი მოქალაქეობის აღდგენა, ის, რომ სამართლიან სასამართლომდე მას უნდა მიეცეს საქართველოში პოლიტიკური საქმიანობის სრული თავისუფლება და ვადამდელი არჩევნები არის კონიუნქციური მოთხოვნები. ანუ, ყველა ერთდროულად უნდა შესრულდეს. ახლა, მიხეილ სააკაშვილი რას მოიწერს და რას არა, პირადად ჩემთვის, საქართველოს მოქალაქისთვის და ამ ტიპის ადამიანისთვის, გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. რამდენადაც მე ვუყურებ საინფორმაციო საშუალებებიდან, სხვა ოპოზიციური პარტიებიც ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილს სამართლიანი სასამართლო სჭირდება. ანუ, „ლელოც“, „სტრატეგია აღმაშენებელიც“ და „რესპუბლიკური პარტიაც“ აღიარებენ, რომ საქართველოში სასამართლო არ არის სამართლიანი და რახან სასამართლო სამართლიანი არ არის, ბუნებრივია, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ ითხოვენ მის გათავისუფლებას. ანუ, პრაქტიკულად, უნდა ჩავთვალოთ, რომ ოპოზიციური პარტიების აბსოლუტური უმრავლესობა თანხმდება იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, არის პოლიტიკური პატიმარი“, – განაცხადა დუმბაძემ.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, დაწყებულია თუ არა ოპოზიციაში საერთო სტრატეგიაზე კონსულტაციები, დუმბაძემ აღნიშნა, რომ რაღაცები იცის, მაგრამ არ არის უფლებამოსილი პირი, რომელიც ჟურნალისტის შეკითხვაზე ამას პირდაპირ, ღიად და საჯაროდ განაცხადებს.

„საერთო სტრატეგიაზე და გეგმებზე ასე ნუ მალაპარაკებთ. რაღაცები კი ვიცი, მაგრამ მე არ ვარ უფლებამოსილი პირი, რომ ჟურნალისტის შეკითხვაზე ეს პირდაპირ, ღიად და საჯაროდ განვაცხადო. ამ საერთო ოპოზიციურ სპექტრს ჰყავს ლიდერები და ისინი არიან უფლებამოსილი ადამიანები, რომლებიც ამ განცხადებას გააკეთებენ. ბუნებრივია, ნიკა მელია საერთო ოპოზიციური ლიდერია და ამაზე შეთანხმება პრაქტიკულად მიღწეულია. ბოლო წლების განმავლობაში პოლიტიკაში მას ყველაზე მაღალი შედეგები აქვს მიღწეული. ბუნებრივია, ეს შეჯერება მოხდება და ბუნებრივია, ეს განცხადებებიც გაკეთდება“, – განაცხადა დუმბაძემ.

შეკითხვაზე, როგორ ესახება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, დუმბაძემ განაცხადა, რომ მისი გათავისუფლება სიმტკიცით ესახება.

„მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება მესახება სიმტკიცით – ყოველდღე, ყოველ წუთს, ყველა სამწვერა გზაზე, ყველა გზაჯვარედინზე, ყველა სოფელში, ყველა თემში, ყველა დაბაში, ყველა ხეობაში და ყველა ქალაქში მასობრივი პროტესტი მოცემული ხელისუფლების! იმიტომ, რომ საქართველოში არ უნდა იყოს პოლიტიკური პატიმარი“, – განაცხადა მურმან დუმბაძემ.