მურმან დუმბაძე - გრიგოლ ვაშაძემ სახარება მოიტანა, დამადებინა ორივე ხელი და მითხრა, მომეცი აღთქმა, რომ ოპოზიციაში არ წახვალო [ვიდეო]

ჩემი მტკიცე მარჯვენა და მარცხენათი დავადასტურე გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერა და ურთიერთობა, – ამის შესახებ მურმან დუმბაძემ ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერ შეხვედრაზე განაცხადა.

„მინდა გითხრათ, როგორც ქალბატონი სანდრა ამბობს, არამხოლოდ მარჯვენა და მარცხენა ხელით, არამედ ჩემი ფეხითაც დავადასტურე მხარდაჭერა, იმიტომ, რომ ჩემი ფეხი ბედნიერია ყველა იმ ოპოზიციაში, სადაც მე მივდივარ, ის ყოველთვის იგებს. 40 000 კილომეტრი გავიარეთ და შემოვიარეთ საქართველო, გარწმუნებთ, რომ ნამდვილად ვიგებთ ამ არჩევნებს. ამ სიარულში გრიგოლ ვაშაძესთან დავძმაკაცდი. ერთხელ მეუბნება – ბატონ მურმან, მომეცი აღთქმა, რომ შენ ოპოზიციაში აღარ წახვალ. სახარება მოიტანა და დამადებინა ორივე ხელი. მივეფერე სახარებას, ვუთხარი – არ წავალ ოპოზიციაში, თუ ის შეასრულებს ერთ პირობას, თუ 2018 წლის 29 ოქტომბერს გრიგოლ ვაშაძე შედის ავლაბრის რეზიდენციაში, დაუძახებს თავის თანაშემწეს და გამოართმევს A4 ფორმატის ქაღალდს, ამოიღებს საკუთარი პერანგიდან კალამს და მისი ლამაზი მარჯვენა, მტკიცე ხელით წერს შემდეგი შინაარსის ბრძანებას: მე, საქართველოს პრეზიდენტი გრიგოლ ვაშაძე ვბრძანებ და ორი წერტილი, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს აღუდგეს მოქალაქეობა“, – განაცხადა მურმან დუმბაძემ.