მურმან დუმბაძე - გაუმარჯოს „ვარდების რევოლუციას“, რომელმაც დასაბამი მისცა თანამედროვე ქართულ სახელმწიფოს
მურმან დუმბაძე - გაუმარჯოს „ვარდების რევოლუციას“, რომელმაც დასაბამი მისცა თანამედროვე ქართულ სახელმწიფოს

დღეს არის 2021 წლის 2 ნოემბერი. ზუსტად 18 წლის წინ ეს დღე დასრულდა ვარდების რევოლუციით. გაუმარჯოს „ვარდების რევოლუციას“, რომელმაც დასაბამი მისცა თანამედროვე ქართულ სახელმწიფოს. 18 წელია გასული, აბა, ბიძინა ივანიშვილო, კარგად დამაკვირდი, დაღლილი ვარ თუ არა, – ამის შესახებ მურმან დუმბაძემ ბათუმში მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან უნდა გამოვიდეს და ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს.

„რომელიმე თქვენგანი ხართ დაღლილი? ბრძოლა ბოლომდე. „ვარდების რევოლუციას“ ჰყავდა ლიდერები და ჰყავდა განსაკუთრებული ლიდერი. ის რამდენიმე დღის შემდეგ ხდება საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. მე არ მინდა განმეორდეს „ვარდების რევოლუცია“, გულწრფელად გეუბნებით. ვიქნებით მტკიცე, არ იქნება „ვარდების რევოლუცია“. ახლა ვართ მტკიცენი, არ იქნება „ვარდების რევოლუცია“. ბიძინა ივანიშვილს ვაიძულებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს აღუდგება საქართველოს მოქალაქეობა, მე არ მჭირდება ის უკრაინაში და ჩვენ არ გვჭირდება ის უკრაინაში. ის გვჭირდება აქ და ახლა, საქართველოში. მას უნდა მიენიჭოს პოლიტიკური საქმიანობის სრული თავისუფლება. თუ უნდა ბიძინა ივანიშვილს, არ დაასრულოს თავისი პოლიტიკური კარიერა ისევე, როგორც დაასრულა ძალიან სახელგანთქმულმა, მასზე გაცილებით ძლიერმა პოლიტიკოსმა, ედუარდ შევარდნაძემ, უნდა შესრულდეს მესამე პირობა, ეს არის ვადამდელი არჩევნები. დააკვირდით, რა ძლიერები გავხდით. გუშინ ბატონმა მამუკა ხაზარაძემ რა გონივრული ნაბიჯი გადადგა. როგორ მივაღწიოთ ამ სამი პირობის შესრულებას? ბუნებრივია, როცა ჩვენ უახლოეს დღეებში დედაქალაქში გვექნება დიდი შეკრება, იქ გეგმას წაიკითხავს ოპოზიციის საერთო ლიდერი ნიკა მელია, მაგრამ მაინც ჩვენ ვალდებული ვართ ზოგიერთი რაღაცები ვთქვათ“, – განაცხადა დუმბაძემ.

მურმან დუმბაძის განცხადებით, დღეს მანდატი რომ ჰქონდეს, მასზე უარს აუცილებლად იტყოდა.

„მე რომ ვიყო საქართველოს პარლამენტის წევრი, დღესვე დავტოვებ პარლამენტს, მაგრამ რჩება იმ პარლამენტში ადამიანთა ჯგუფი, რომელიც დამოუკიდებლობის, წინააღმდეგობის ფრონტს გახსნის შიგნით პარლამენტშივე და ეს არის კარგი. ასეთივე ნაბიჯი უნდა გადავდგათ ყველა მუნიციპალიტეტში. თუ საჭიროა, არ შევიდეთ მუნიციპალიტეტებში, თუ საჭიროა რომელიმე მუნიციპალიტეტში შესვლა, საკრებულოში უნდა შევიდეთ. ეს არის უახლოესი დღის წესრიგის ამოცანა. ეს ამოცანა გაჟღერდება უახლოეს დღეებში. ქართველებო, ძალიან მაგარი ხალხი ხართ. ძალიან მიხარია,რომ ასე მტკიცენი ხართ. შარშან, თუ გახსოვთ, 2 ნოემბერს დავიწყეთ, მთავრობის სახლის წინ გავხსენით კარვები და დავარქვით მას კარვების ქალაქი, ხომ მართალია? ამ კარვების ქალაქს ხუთი ახალგაზრდა ამშვენებდა, დღეს ისინი პოლიტიკური პატიმრები არიან და მათ უნდა მივესალმოთ. გაუმარჯოს ძმებ წულუკიძეებს, გაუმარჯოს ძმებ ჭელიძეებს, გაუმარჯოს პოლიტიკურ პატიმარს ანთაძეს, რომელიც აქ ათენებდა და აღამებდა ყოველ დღე. გამარჯვება არის ძალიან ახლოს. ნუ მკითხავთ, როდის იქნება ეს გამარჯვება. გამარჯვება არის ძალიან ახლოს და გამარჯვება დამოკიდებულია ჩვენს სიმტკიცეზე. ვიქნებით მტკიცე, ის სამი პირობაც შესრულდება უახლოეს საათებშიც კი. გაუმარჯოს საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს“, – განაცხადა დუმბაძემ.