ბათუმის ნავთობტერმინალის დირექტორი აცხადებს, რომ ბათუმის პორტში ვითარება კონტროლს ექვემდებარება
ბათუმის ნავთობტერმინალის  დირექტორი აცხადებს, რომ ბათუმის პორტში ვითარება კონტროლს ექვემდებარება

ბათუმის პორტში შექმნილ სიტუაციაზე კომენტარი გააკეთა პორტის მმართველი კომპანიის, ბათუმის ნავთობტერმინალის გენერალურმა დირექტორმა მურათ ჯუმადილაევმა.

“სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, პორტი საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს. გვინდა ყურადღება გავამახვილოთ იმაზე, რომ ცალკეული სუბიექტები ავრცელებენ არასწორ ინფორმაციებს და შიდაკორპორატიული ამბების პოლიტიკურ სიბრტყეში გადატანას ცდილობენ. გვინდა განვაცხადოთ, რომ ბათუმის ნავთობტერმინალი პატივისცემით არის გამსჭვალული საქართველოს სახელმწიფო ორგანოების მიერ, ხელსაყრელი ბიზნეს-კლიმატის მხარდასაჭერად გატარებული ღონისძიებების მიმართ. ასევე ვაფასებთ საქართველოსა და ყაზახეთს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობას”-განაცხადა ჯუმადილაევმა.

ნავთობტერმინალის გენერალური დირექტორის ინფორმაციით, ყაზახეთიდან კომპანიის სათაო ოფისის დელეგაცია ბათუმში ხვალ ჩავა და კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებს.

ჯუმადილაევის თქმით, პორტში რთული სიტუაცია ნამდვილად შეიქმნა ტვირთბრუნვის შემცირების გამო, რასაც იგი ენერგეტიკული მაგისტრალების მომრავლებას უკავშირებს და აცხადებს, რომ ტვირთების მოზიდვას  ყაზახეთიდან შეეცდებიან.

ბათუმის პორტის თანამშრომლები პირველ აპრილს გაიფიცნენ. ისინი პორტში მიმდინარე რეორგანზაციას აპროტესტებენ და ხელმძღვანელობის გადადგომას ითხოვენ. თანამშრომლები ირწმუნებიან, რომ მიმდინარეობს ფარული რეორგანიზაცია და მოსალოდნელია მათი სამსახურიდან უსამართლო დათხოვნა. პორტის გენერალურმა დირექტორმა, დანიარ მუხამედ-რახიმმა გუშინ განაცხადა, რომ პორტის ხელმძღვანელობა დაგეგმილ რეორგანიზაციას აჩერებს, თუმცა გაფიცვის მონაწილეები ამბობენ, რომ გენერალური დირექტორის განცხადება არ აკმაყოფილებთ და მისი გადადგომის მოთხოვნა ძალაში რჩება.