მუნიციპალური განვითარების ფონდმა მღვიმევის დედათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიასა და სოფელ კაცხში ტურისტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადა
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ჭიათურის მუნიციპალიტეტში ტურისტული და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას მუნიციპალური განვითარების ფონდი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ტენდერი ითვალისწინებს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებას და შემდგომ, აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე, სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებას.
პროექტი მოიცავს მღვიმევის დედათა მონასტრამდე მისასვლელი ტურისტული და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას, ასევე სოფელ კაცხში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას.
მღვიმევის დედათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილია არსებული საფეხმავლო ბილიკისა და კიბეების რეაბილიტაცია, უსაფრთხოების მოაჯირების მოწყობა, მონასტერში ასასვლელი ლითონის კიბის აღდგენა, სანიტარული კვანძების მოწესრიგება და მოსასვენებელი სივრცეების კეთილმოწყობა.