მუნიციპალური განვითარების ფონდმა გურჯაანის მულტიფუნქციური კომპლექსის პროექტირების მომსახურების ხელშეკრულება შეწყვიტა

15:02, 30.06.2026

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გურჯაანის მულტიფუნქციური კომპლექსის პროექტირების მომსახურებაზე გაფორმებული ხელშეკრულება შეწყვიტა.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, აღნიშნული პროექტის საპროექტო მომსახურებას კონკურსში გამარჯვებული არქიტექტურული ბიურო „მეტრიკი“ ახორციელებდა.

სამინისტროს ინფორმაციით, მიუხედავად ფონდის მხრიდან არაერთი სამუშაო შეხვედრის, სიტყვიერი და წერილობითი გაფრთხილებისა, კომპანიამ ვერ უზრუნველყო საჭირო პროგრესისა და შედეგის მიღწევა, რის გამოც ფონდმა ხელშეკრულება შეწყვიტა.

ამასთან, სამინისტროს ცნობით, პროექტის მნიშვნელობიდან და მისი დროულად განხორციელების აუცილებლობიდან გამომდინარე, მუნიციპალური განვითარების ფონდმა მიიღო გადაწყვეტილება, საპროექტო მომსახურების ხელშეკრულება განმეორებითი კონკურსის გამოცხადების გარეშე გააფორმოს იმ კომპანიასთან, რომელიც ამჟამად ახორციელებს მსგავსი ტიპის მულტიფუნქციური კომპლექსის პროექტს.

„ფონდსა და აღნიშნულ კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებს ერთ ძირითად და ხუთ სხვადასხვა ლოკაციაზე მორგებული (მიბმის) საპროექტო გადაწყვეტის მომზადებას. აღნიშნული გადაწყვეტილება უზრუნველყოფს პროექტირების პროცესის უწყვეტობას, მაღალი ხარისხის სტანდარტების დაცვასა და სამუშაოების ოპერატიულად გაგრძელებას.

საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით, გურჯაანში დაგეგმილია 1 000 მაყურებელზე გათვლილი მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობა, რომელიც გააერთიანებს დიდ და საბავშვო საცურაო აუზებს, სატრენაჟორო და ფიტნესსივრცეებს, ასევე დარბაზებს სპორტის სხვადასხვა სახეობისთვის. კომპლექსი ასევე მოიცავს მედიათეკას, ქორეოგრაფიის, სახელოვნებო, ფოლკლორისა და უცხო ენების სივრცეებს, STEM კლუბს, მცირე სცენურ დარბაზს, მრავალფუნქციურ ღონისძიებების სივრცეს, ადმინისტრაციულ და ტექნიკურ ზონებს.

ინფრასტრუქტურის სამინისტრო და მუნიციპალური განვითარების ფონდი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ სახელმწიფო პროექტების დროულ და ხარისხიან განხორციელებას. თითოეულ პროექტზე ვადებისა და სახელშეკრულებო პირობების დაცვა წარმოადგენს ფუნდამენტურ მოთხოვნას და სამინისტრო ყველა პარტნიორისგან სწორედ ამ სტანდარტით მოქმედებას ელოდება.

ფონდი მომავალშიც გამოიყენებს ხელშეკრულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა მექანიზმს, რათა პროექტები განხორციელდეს ხარისხიანად, პასუხისმგებლობითა და მოქალაქეების წინაშე აღებული ვალდებულებების სრული დაცვით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მსგავსი