მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2019 წლის ანგარიში წარადგინა
მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2019 წლის ანგარიში წარადგინა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა დღეს 2019 წლის ანგარიში წარადგინა.

ღონისძება საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა გახსნა.

ანგარიშის თანახმად, მუნიციპალური განვითარების ფონდი 2019 წელს ორ ახალ პროგრამაში ჩაერთო. აღნიშნული პროგრამებია  საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სახლების მშენებლობა.

უწყების ინფორმაციით, ფონდმა გასულ წელს დაიწყო 250 და დაასრულა 70 პროექტი, რომელთა საერთო ბიუჯეტმა 366 მილიონი ლარი შეადგინა. დასრულდა ისეთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები, როგორებიცაა, ვანის მუზეუმის მშენებლობა, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია, ბათუმისა და ქობულეთის ნაპირდაცვის სამუშაოები, ასურეთის შვაბების ქუჩის რეაბილიტაცია და სხვა.

საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის პროგრამის ფარგლებში კი,  ფონდმა ქვეყნის მასშტაბით 161 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია დაიწყო, რომლის ჯამური ღირებულება 220 მილიონ ლარზე მეტია. რაც შეეხება სკოლამდელი დაწესებულებების მშენებლობას, ფონდმა 76 ბაღის პროექტირებასა და მშენებლობის სამუშაოები დაიწყო, რომლის ჯამური ინვესტიცია 50 მილიონ ლარს აჭარბებს.

„ფონდმა გასულ წელს დაიწყო წყალტუბოში, ზუგდიდსა და ქუთაისში დევნილთა სახლების მშენებლობა. ჯამში 2019-2021 წელს 2440 ოჯახი მიიღებს საცხოვრებელ ბინას. პროგრამის ჯამური ღირებულება კი, 152.3 მილიონი ლარია. ფონდმა 2019 წელს უკვე დაასრულა მცხეთაში ორი კორპუსის მშენებლობა და 120 დევნილ ოჯახს გადაეცა ბინა.

ფონდის მიერ განხორციელებულმა პროექტებმა ქვეყნის რეგიონებში უნდა გააჩინონ ახალი შესაძლებლობები, მოიზიდონ მეტი შიდა და საერთაშორისო ტურისტი, გააუმჯობესონ ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა“, – აღნიშნულია მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მუნიციპალური განვითარების ფონდის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია ტურისტულ ინფრასტრუქტურა, ქალაქების ურბანული განახლება, საგზაო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, ასევე წყლისა და სპორტული ინფრასტრუქტურა.

დატოვე კომენტარი