მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, ქუთაისს თანამედროვე სტანდარტების ათი ახალი ავტობუსი გადაეცა
მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, ქუთაისს თანამედროვე სტანდარტების ათი ახალი ავტობუსი გადაეცა

რეგიონებისთვის განკუთვნილი 175 ახალი თანამედროვე სტანდარტების ავტობუსიდან ათი ქუთაისს გადაეცა. მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ექვსი ქალაქისთვის განკუთვნილი 175 ავტობუსიდან ათი ერთეული EURO 5-ის სტანდარტის ავტობუსი ქალაქ ქუთაისს გადასცა.

პროგრამა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მოიცავს სხვადასხვა მუნიციპალიტეტისთვის 175 ერთეული, საერთო ჯამში 18.7 მილიონ ევროს ღირებულების, თანამედროვე სტანდარტების ავტობუსის შეძენას.

მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარებისათვის შერჩეულია საქართველოს ექვსი ქალაქი. 175 ერთეული ავტობუსიდან თელავსა და ფოთს გადაეცემა 10-10 ავტობუსი, გორს – 30, ზუგდიდს – 25, რუსთავს – 40, ხოლო ქუთაისს 60 ერთეული ავტობუსი. პროგრამა საშუალებას მისცემს ქალაქებს, განავითარონ მუნიციპალური ტრანსპორტის სექტორი, ხოლო მოსახლეობა ისარგებლებს თანამედროვე, კომფორტული და რაც მთავარია, გარემოსთვის უვნებელი ავტობუსებით.

175 ავტობუსი სხვადასხვა მუნიციპალიტეტს მომდევნო წლის გაზაფხულამდე ეტაპობრივად გადაეცემა. ახალი ავტობუსების მარშრუტებსა და სატრანსპორტო დერეფნებს მუნიციპალიტეტები განსაზღვრავენ. ამ ეტაპისთვის ქუთაისს გადაეცა 50 მგზავრზე გათვლილი ათი ახალი ავტობუსი. მომდევნო წლის გაზაფხულამდე კი ქალაქს ეტაპობრივად გადაეცემა კიდევ 50 ერთეული (მათ შორის, ექვსი ავტობუსი 83 მგზავრზე გათვლილი) ახალი ავტობუსი. ყველა სატრანსპორტო საშუალება სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. ათივე ახალი ავტობუსი დღეიდან ჩაერთვება ქალაქის სატრანსპორტო ქსელში და ჩაანაცვლებს ქუთაისში ყველაზე დატვირთულ მარშრუტებზე მოძრავ ავტობუსებს. ამასთან, ექვსი ახალი ავტობუსი იმოძრავებს ე.წ. წრიულ მარშრუტზე (#1), ხოლო ოთხი ავტობუსი ავტოქარხანა-წითელი ხიდის მარშრუტზე (#4).

პროგრამის ფარგლებში, პირველი ხუთი ერთეული ავტობუსი ქალაქ თელავს 28 ოქტომბერს უკვე გადაეცა.

დატოვე კომენტარი