მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი თურქეთში მოდულური შენობების მწარმოებელ ქარხანას ეწვია
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შონია, თურქეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ქალაქ აქსარაიში მოდულური შენობების მწარმოებელ ქარხანას ეწვია.
ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გაეცნო მოდულური სკოლების წარმოების პროცესს, თანამედროვე სამშენებლო ტექნოლოგიებს, გამოყენებულ მასალებსა და კონსტრუქციულ გადაწყვეტებს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მოდულური კონსტრუქციების ტექნიკურ და ხარისხობრივ მახასიათებლებს, უსაფრთხოების სტანდარტებს, თბოიზოლაციას, ენერგოეფექტიანობასა და საგანმანათლებლო სივრცეების მოწყობის შესაძლებლობებს.
მწარმოებელი კომპანია, რომელსაც სამშენებლო სექტორში 25 წელზე მეტი გამოცდილება აქვს, სპეციალიზებულია სხვადასხვა დანიშნულების ასაწყობი და მოდულური კონსტრუქციების წარმოებაში, მათ შორის საგანმანათლებლო, საცხოვრებელი, საოფისე და სხვა ფუნქციური დანიშნულების შენობების მოწყობაში.
მოდულური მშენებლობის ტექნოლოგია ითვალისწინებს შენობის ცალკეული კონსტრუქციული ელემენტების ქარხნულ პირობებში დამზადებასა და შემდგომ სამშენებლო მოედანზე აწყობას. აღნიშნული მიდგომა შესაძლებელს ხდის, მოკლე ვადებში უსაფრთხო, ფუნქციური და თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი საგანმანათლებლო სივრცეების მოწყობას.
მუნიციპალური განვითარების ფონდი მოდულური კონსტრუქციების გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს დროებითი სასკოლო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად, რაც ძირითადი სასკოლო შენობების მშენებლობისა თუ რეაბილიტაციის პერიოდში მოსწავლეთა შესაბამისი სივრცეებით უზრუნველყოფასა და სასწავლო პროცესის უწყვეტობას შეუწყობს ხელს.
ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ავრცელებს.