მუნიციპალური განვითარების ფონდი მზიურის პარკის რეაბილიტაციას იწყებს
მუნიციპალური განვითარების ფონდი მზიურის პარკის რეაბილიტაციას იწყებს

მუნიციპალური განვითარების ფონდი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით მზიურის პარკის რეაბილიტაციას იწყებს.

როგორც მუნიციპალური განვითარების ფონდში აცხადებენ, პირველ ეტაპზე იგეგმება პროექტირების სამუშოები, რაც სამი თვე გაგრძელდება.

მათივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში იგეგმება პარკის სრულად აღდგენა და კეთილმოწყობა. რეაბილიტაცია ჩაუტარდება არსებულ მოზაიკებს, ხიდებს, კიბეებს, სადრენაჟე სისტემას.

პარკის ტერიტორიაზე მოეწყობა საველოსიპედე ბილიკები, სკეიდბორდის მოედანი, საბავშვო გასართობი მოედანი, მცირე ზომის საფეხბურთო მოედანი, სასმელი წყლის ფანტანები, ფანჩატურები, სკამები, ნაგვის ურნები. იგეგმება არსებული საპირფარეშოების დემონტაჟი და ახლის მოწყობა, რომელიც ადაპტირებული იქნება შშმ პირებზე. გამოიცვლება ყველა სახის კომუნიკაცია – კანალიზაცია, სადრენაჟე სისტემა, სასმელი წყლის სისტემა, ირიგაციის სისტემა, გარე განათების სისტემა, მოეწყობა ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა. პარკის ტერიტორიაზე დაგეგმილია გამწვანების განახლება და დამატებითი მცენარეების დარგვა.

როგორც მუნიციპალური განვითარების ფონდში აცხადებენ, სამუშაოებს 18 თვის ვადაში ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ამხანაგობა მზიური” ჩაატარებს.

“18 თვეში დედაქალაქს განახლებული პარკი ექნება. 13 ივნისის სტიქიის შედეგად განადგურებული ტერიტორია სრულად აღდგება. პარკში აღარ იქნება უფუნქციო შენობა-ნაგებობები. მერიასთან ვთანამშრომლობთ და ვთანხმდებით, თუ რა ფუნქცია ექნება პარკს. აღსანიშნავია, რომ ის შშმ პირებზე ადაპტირებული იქნება და ყველას ექნება შესაძლებლობა ისარგებლოს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადგილზე მოეწყობა ველობილიკები, სკეიდბორდისა და გასართობი მოედნები”, – განაცხადა მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ.

პროექტის ღირებულება თითქმის 8 მლნ ლარია.