მუნიციპალურ ტრანსპორტში პირბადის ტარება სავალდებულოა, იკრძალება გაგრილების სისტემის ჩართვა და მიკროავტობუსებით ფეხზე მდგარი მგზავრის გადაყვანა
მუნიციპალურ ტრანსპორტში პირბადის ტარება სავალდებულოა, იკრძალება გაგრილების სისტემის ჩართვა და მიკროავტობუსებით ფეხზე მდგარი მგზავრის გადაყვანა

დღეიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი, მათ შორის მეტროც, ამუშავდა. მგზავრობისას აუცილებელი იქნება კონკრეტული წესების დაცვა, მათ შორის პირბადის ტარება. კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ ინფორმაციით, იკრძალება მიკროავტობუსებით ფეხზე მდგარი მგზავრის გადაყვანა.

ამასთან, იკრძალება მიკროავტობუსსა და ავტობუსებში გაგრილების სისტემის ჩართვა. სავალდებულოა სატრანსპორტო საშუალების ღია ფანჯრებით გადაადგილება. დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, გაგრილების სისტემა ვირუსის გავრცელების ერთ-ერთი საფრთხეა.

როგორც კალაძე ამბობს, ავტობუსებში ფეხზე მდგარი მგზავრის გადაყვანა არ იკრძალება, პირბადით მგზავრობა კი სავალდებულოა.

ამასთან, თბილისის მერის განცხადებით, საპატრულო პოლიცია მეტროში პირბადის გარეშე მოქალაქეებს არ შეუშვებს.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, პირბადე დიდი ხნის განმავლობაში იქნება ჩვენი თანამგზავრი. გამყრელიძის განცხადებით, მუნიციპალურ ტრანსპორტში დამცავი ნიღბის გამოყენება აუცილებელია.

„უნდა გავითავისოთ ყველამ, რომ სანქციები არ არის ყოველთვის აუცილებელი. ვამბობთ, რომ ვსწავლობთ თანაცხოვრებას კორონავირუსთან ერთად და ნიღაბი დიდი ხნის განმავლობაში ხდება ჩვენი თანამგზავრი, ჩვენი ატრიბუტი. ამიტომ, ვინც ვიმგზავრებთ ავტობუსებით, მეტროთი, უნდა გამოვიყენოთ ნიღაბი. მე არ გამოვრიცხავ, რომ არ აგიშვან ავტობუსში და არ ჩაგიშვან მეტროში. ალბათ ეს იქნება სანქცია, იქ ამას გააკონტროლებენ“, – განაცხადა გამყრელიძემ.

კორონავირუსის საწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, საზოგადოებრივი ტრანსპორტით – მეტროთი და ავტობუსებით გადაადგილება 30 მარტს აიკრძალა, ხოლო მიკროავტობუსების მომსახურება საქართველოს მასშტაბით 18 მარტიდან შეჩერდა.