მუხიანში ყოფილი რადიოქარხნის განვითარების მიზნით კვლევა ჩატარდება

მუხიანში, ყოფილი რადიოქარხნის ტერიტორიის განვითარებისა და პოტენციური გამოყენების მიზნით, კვლევა ჩატარდება. ტენდერი თბილისის მერიამ გამოაცხადა. სამუშაოზე 330 000 ლარის გამოყოფა იგეგმება.

განაცხადების მიღება 4 მაისს დაიწყება და 7 მაისს დასრულდება.

კვლევა რამდენიმე მიმართულებას უნდა მოიცავდეს, მათ შორის ბიზნესგანვითარების გეგმას, ობიექტის ანალიზს, ტერიტორიაზე წვდომას კერძო და საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ობიექტზე განლაგებული შენობების ფიზიკურ მდგომარეობას და ბაზრის კვლევას.

რადიოქარხნის ტერიტორიის განვითარება კახი კალაძის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო.

„ტერიტორიაზე აშენდება საგამოფენო სივრცეები, სავაჭრო-გასართობი ზონები, საცურაო აუზები, გაშენდება რადიოქალაქი და ტერიტორია ახალ სიცოცხლეს შეიძენს“, – განაცხადა კალაძემ 2017 წლის 7 ოქტომბერს.

ვიდეომასალა 2017 წელს, თბილისის მერის არჩევნების წინ მომზადდა.