მუჰამედ ჯავად ზარიფი - აშშ-ი ირანისა და მისი ბიზნესპარტნიორების წინააღმდეგ „ფსიქოლოგიურ ომს“ აწარმოებს
მუჰამედ ჯავად ზარიფი - აშშ-ი ირანისა და მისი ბიზნესპარტნიორების წინააღმდეგ „ფსიქოლოგიურ ომს“ აწარმოებს

ამერიკის შეერთებული შტატები ირანისა და მისი ბიზნესპარტნიორების წინააღმდეგ „ფსიქოლოგიურ ომს“ აწარმოებს. ამის შესახებ ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მუჰამედ ჯავად ზარიფმა განაცხადა.

ირანული საინფორმაციო სააგენტო Tsnim-ის ცნობით, ისლამური რესპუბლიკის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ამის დამამტკიცებელ საბუთად, ბოლო პერიოდში, აშშ-ის ქმედებები მოიყვანა.

რამდენიმე თვის წინ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის ბირთვულ საკითხთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმება დატოვა და ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ გაუქმებული სანქციები განაახლა.

მას შემდეგ ოფიციალური ვაშინგტონი 2015 წლის ისტორიული შეთანხმების დატოვებისკენ დოკუმენტის სხვა წევრ სახელმწიფოებსაც მოუწოდებს.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეთანხმების დატოვების შემდეგ, მიზანს მაინც ვერ მიაღწია.

„მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა აშშ-ის მიერ ირანის ბირთვული შეთანხმების დატოვების შესახებ განაცხადა, ამ პერიოდში ოფიციალურმა ვაშინგტონმა საკუთარ მიზნებს მაინც ვერ მიაღწია“, – აღნიშნა ირანის პირველმა დიპლომატმა, მუჰამედ ჯავად ზარიფმა.