აშშ-ის ღია პირველობაზე, კაცებისგან განსხვავებით, ქალებს შორის მესამე დღე დიდი სენსაციით აღინიშნა. დღის ბოლო მატჩში ლუი არმსტრონგის სახელობის კორტზე ყველასთვის უცნობმა ჩეხმა კაროლინა მუხოვამ, რომელიც ძირითად ბადეში კვალიფიკაციის გავლით მოხვდა, მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი, ესპანელი გარბინე მუგურუსა დაამარცხა – 3:6, 6:4, 6:4.
მუგურუსამ კარგად დაიწყო და მოიგო სასტარტო ხუთი გეიმი, რის შემდეგაც, ჩეხი ნელ-ნელა მოვიდა გონს. პირველი პარტია მან ვერ გადაარჩინა, სამაგიეროდ, მეორეში 4:1 დაწინაურდა და სეტებში ანგარიში გაათანაბრა. მესამე სეტში კი ბრძოლისუნარიანობის გამოვლენა დასჭირდა და 0:2-დან შემოატრიალა პარტიის ბედი.
მუგურუსას წაგება რომ არა, იმ დღეს ქალთა ტურნირის მთავარი მოვლენა იქნებოდა დები უილიამსების მოგებები. საქმე ისაა, რომ სერენა და ვინუს მესამე წრეში კარიერაში 30-ედ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.
„დიდი სლემის“ ტურნირების 23-გზის ჩემპიონმა სერენამ უშანსოდ დატოვა კარინა ვიტჰოფტი – 6:2, 6:2. ამერიკელის ანგარიშზე 13 ეისი, 30 „ვინერსი“, 15 უნებლიე შეცდომა და ექვსიდან ხუთი გამოყენებული ბრეიკპოინტი იყო.
რაც შეეხება ვინუსს, მანაც ორ სეტში მოიგო – 6:4, 7:5 დაამარცხა იტალიელი კამილა ჯორჯი. სხვათა შორის, ეს უფროსი უილიამსის 775-ე გამარჯვება იყო კარიერაში.
რაც შეეხება დები უილიამსების კარიერულ დაპირისპირებას, სერენა წინ არის – 17:12.
ქალები
II წრე
სტივენსი (აშშ, 3)-კალინინა (უკრ) 4:6, 7:5, 6:2
სვიტოლინა (უკრ, 7)-მარია (გერ) 6:2, 6:3
კარ. პლიშკოვა (ჩეხ, 8)-ბოგდანი (რუმ) 6:2, 6:3
მაკაროვა (რუს)-გორგესი (გერ, 9) 7:6(10), 6:3
მუხოვა (ჩეხ)-მუგურუსა (ესპ, 12) 3:6, 6:4, 6:4
მერტენსი (ბელ, 15)-ლაპკო (ბლრ) 6:2, 6:0
ვ. უილიამსი (აშშ, 16)-ჯორჯი (იტა) 6:4, 7:5
ს. უილიამსი (აშშ, 17)-ვიტჰოფტი (გერ) 6:2, 6:2
ბარტი (ავსტრა, 18)-საფაროვა (ჩეხ) 7:5, 6:3
სევასტოვა (ლატ, 19)-ლიუ (აშშ) 6:3, 6:1
სტრიკოვა (ჩეხ, 23)-არუაბარენა (ესპ) 6:0, 6:1
აზარენკა (ბლრ)-გავრილოვა (ავსტრა, 25) 6:1, 6:2
კენინი (აშშ)-საკარი (საბ, 32) 4:6, 6:1, 6:4
კანეპი (ესტ)-ტაიხმანი (შვეიც) 6:4, 6:3
პეტერსონი (შვედ)-კინგი (აშშ) 7:5, 6:1
კ. ვანგი (ჩინ)-ბეგუ (რუმ) 6:3, 6:1