მუფთი ​ასლან ბერიძე - სოფელ ბუკნარში ლოცვა არ შეწყდება
მუფთი ​ასლან ბერიძე - სოფელ ბუკნარში ლოცვა არ შეწყდება

ბუკნარში, მუსლიმთა სამლოცველოსთან ქობულეთისა და გურიის მუფთი ასლან ბერიძე მივიდა. მისი თქმით, ლოცვა არ შეწყდება და აპირებს, ხელისუფლების წარმომადგენლების პოზიციას გაეცნოს.

„ჩვენი ხალხი არ ითხოვს ფუნდამენტური შენობის აშენებას. როცა მივაღწევთ შეთანხმებას, ალბათ გამოიყოფა შესაბამისი ადგილი. ხაზგასმით უნდა ვთქვა, რომ ლოცვა არ შეწყდება. ლოცვა გაგრძელდება, ის არავის უშლის. აქ ცუდი არაფერი ხდება. მოდის კაცი, 10-15 წუთი ლოცულობს, არავის არაფერს უშლის“, – განაცხადა ქობულეთისა და გურიის მუფტმა, ასლან ბერიძემ.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში გუშინ დაპირისპირება მოხდა. სოფლის მოსახლეობის ნაწილს, რომელიც მუსლიმურ თემს წარმოადგენს, სოფელში სალოცავის მოწყობა სურს, რასაც სოფლის ქრისტიანი მოსახლეობის ნაწილი ეწინააღმდეგება. აზრთა სხვადასხვაობა ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ბუკნარში დაპირისპირების ფაქტზე შსს-მ ერთი პირი დააკავა.

დღეს სამხარეო ადმინისტრაციაში მხარეებს შორის დიალოგი უნდა გამართულიყო, თუმცა შეხვედრა არ შედგა.

ჩოხატაურის მერი ირაკლი კუჭავა აცხადებს, რომ ხელისუფლება და სამართალდამცველები ყველაფერს გააკეთებენ, რათა სოფელ ბუკნარში კონფლიქტი ექსცესების გარეშე მოგვარდეს.
დატოვე კომენტარი