მუამარ კადაფის ვაჟი – მაქვს მტკიცებულებები, რომ სხვა არალეგალურ ფონდებთან ერთად ნიკოლა სარკოზის საარჩევნო კამპანიას მამაც აფინანსებდა

07:10, 22.03.2018

ლიბიის ყოფილი ლიდერის, მუამარ კადაფის ვაჟის განცხადებით, მას მტკიცებულებები აქვს იმის დასამტკიცებლად, რომ სხვა არალეგალურ ფონდებთან ერთად საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის საარჩევნო კამპანიას მამამისიც აფინანსებდა. ამის შესახებ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით Reuters წერს.

საიფ ალ-ისლამ კადაფი ამბობს, რომ შეესწრო, თუ როგორ გადასცეს სარკოზის შტაბის ყოფილ ხელმძღვანელს ფული ტრიპოლიში.

მანამდე კი ცნობილი გახდა, რომ 2007 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დაფინანსების საქმეზე საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის ბრალი წაუყენეს.

სარკოზის ბრალად ედება კორუფცია, საარჩევნო კამპანიის არალეგალური დაფინანსება და ლიბიური სახელმწიფო სახსრების მიმალვა.

ნიკოლა სარკოზი საფრანგეთის პოლიციამ 20 მარტს დააკავა. სარკოზისთან ერთად დაიკითხა მისი თანაშემწე ბრის ორტეფოც, რომელიც სარკოზის პრეზიდენტობის დროს რამდენიმე უწყებას ხელმძღვანელობდა.

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის დაკითხვა 2007 წლის საპრეზიდენტო კამპანიის უკანონო დაფინანსების საქმის ფარგლებში მიმდინარეობდა. გამოძიების მიხედვით, სარკოზიმ ამ პერიოდში ლიბიის ყოფილი ლიდერის მუამარ კადაფისგან სოლიდური თანხა უკანონოდ მიიღო. გამოძიება აღნიშნულ საქმეზე 2013 წელს დაიწყო.

 

მსგავსი