„მტრულ ატმოსფეროში ვერ ვიმუშავებდი“ - ლუჩესკუმ კიევის „დინამო“ დანიშვნიდან ოთხ დღეში დატოვა
„მტრულ ატმოსფეროში ვერ ვიმუშავებდი“ - ლუჩესკუმ კიევის „დინამო“ დანიშვნიდან ოთხ დღეში დატოვა

კიევის „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა მირჩა ლუჩესკუმ დაადასტურა ინფორმაცია კლუბიდან წასვლის შესახებ და გადაწყვეტილება განმარტა.

„მე ვფიქრობ, რომ მტრულ ატმოსფეროში მუშაობა შეუძლებელია – გულშემატკივრების მხარდაჭერის გარეშე, რაც კლუბს ძალიან სჭირდება. მინდოდა, რომ გულშემატკივარი აღფრთოვანებულიყო. უკრაინა ამას იმსახურებს. მაგრამ მე ვერ მივიღებ იმ ფაქტს, რომ გულშემატკივარი საკუთარი კლუბის წინააღმდეგ მუშაობს“ – აცხადებს ლუჩესკუ.

ლუჩესკუ „დინამოს“ ხელმძღვანელობამ ოთხი დღის წინ, 23 ივლისს დანიშნა. მოგვიანებით კლუბის ულტრასებმა გაავრცელეს განცხადება, რომელშიც მათ დანიშვნას „ყველა ფანის სულში ჩაფურთხებად“ მონათლეს.

ლუჩესკუ ცნობილია „შახტარში“ მოღვაწეობით, რომელიც „დინამოს“ მთავარი მეტოქეა. ულტრასები პრეტენზიად რუმინელ სპეციალისტს რამდნიმე წლის წინ ლუჩესკუს ნათქვამი ფრაზა მოჰყავთ.

კიევის „დინამოს“ გულშემატკივრებმა თავის ტელეგრამ არხზე „WBC – ულტრას“ მირზა ლუჩესკუს მიმართეს.

„დღეს ჩვენ რწმენა დაგვიბრუნდა, რომ „დინამოს“ თავკაცებს გონივრული აზრი შერჩათ ლუჩეკუსთან შესაძლო თანამშრომლობის შესახებ. მირჩა, შენ ყველაფერს კარგად მიხვდი – აქ ნორმალურად ვერ იმუშავებდი. ეს იქნებოდა ყველაზე რთული მილიონი ევრო თქვენს კარიერაში. კიევი არასოდეს იქნება ისეთი ახლობელი თქვენთვის, როგორც დონეცკი. ჩვენ არ დავივიწყებთ თქვენს სიტყვებს, რომ უკრაინა და რუსეთი ერთი ქვეყანაა. ჩვენთვის პატივი, ღირსება და ისტორია უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ფული, თასები და მედლები. საკუთარ პრინციპებსა და რწმენას ჩვენ ვერასდროს შეველევით“ – ნათქვამია კიეველი ფანების განცხადებაში.