მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის საქმეზე სასამართლოში თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, ეკა ქობესაშვილის გამოკითხვა მიმდინარეობს
მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის საქმეზე სასამართლოში თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, ეკა ქობესაშვილის გამოკითხვა მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის საქმეზე თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის გამოკითხვა მიმდინარეობს.

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ეკა ქობესაშვილი ამ წუთებში მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით იკითხება.

საქმე ეხება მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას.

ადვოკატის განცხადებით, მისთვის გაუგებარია, თუ რატომ ხდება ამ საქმეზე ადვოკატების გამოკითხვა, რადგან ისინი, როგორც დაცვის მხარის წარმომადგენლები, მოქმედებენ საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში და ფოტომასალას, რაზეც გამოძიება ამბობს, რომ ფალისიფიცირებულია, მტკიცებულებების სახე არ ჰქონია.

„სასამართლოდან დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე უნდა გამოვცხადდე. პროკურატურამ კარგად იცის, რა ინფორმაციაც მაქვს, თუმცა, თუ მათ დამატებითი კითხვები აქვთ, შემიძლია, ვუპასუხო. ჩემი და ბატონი მიხეილ რამიშვილის სასამართლოში და თუნდაც, საგამოძიებო უწყებაში დაბარება არასწორია, ჩვენ ვართ ადვოკატები და ჩვენს პროფესიულ საქმიანობას ვახორციელებთ.

პროკურატურას არ უნდა ჰქონდეს წვდომა, რა ინფორმაცია გვაქვს, ჩვენი დაცვის სტრატეგიასთან. ვფიქრობ, ეს არის არასწორი და ამას ადვოკატთა კორპუსიდან სათანადო გამოხმაურება უნდა მოჰყვეს. როგორც ვიცი, ისინი სოლიდარობას გვიცხადებენ. ჯობდა, პროკურატურას უფრო მეტი დეტალიზაცია გაეკეთებინა, რადგან ჩვენ მტკიცებულებები არ წარგვიდგენია, ჩვენ წარვადგინეთ ინფორმაცია, არც საქმეში ჩაგვიდია ფოტომასალები, როგორც მტკიცებულება და არც სასამართლოში წარგვიდგენია. აქედან გამომდინარე, ჩვენი დაბარება და ამ საქმეში მონაწილეობა სამართლებრივი უზუსტობაა. ჩვენ ვართ დაცვა და კანონში პირდაპირ წერია, მტკიცებულებების ფალსიფიცირების საქმეზე ვინ შეიძლება იყოს დანაშაულის ობიექტი“, – განაცხადა ეკა ქობესაშვილმა.

საქმის პროკურორის დავით გუმბერიძის განცხადებით, ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა სატელიტის ფოტომასალა წარუდგინა გამოძიებას და მოითხოვა საქმეზე დართვა. შესაბამისად, პროკურორის თქმით, ისინი ამ მასალას აფასებენ როგორც წარმოდგენილ მტკიცებულებას. პროკურორის განმარტებით, დღესვე დაიკითხება მიხეილ რამიშვილიც.

„კონკრეტული სისხლის სამართლის საქმე, რაზეც დღეს ეკა ქობესაშვილი და მიხეილ რამიშვილი დაიკითხებიან, მტკიცებულებების ფალსიფიკაციის ფაქტზე მიმდინარე გამოძიებას შეეხება. ეს მიმდინარე გამოძიება დამცველ ადვოკატებს არ აფერხებს, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე საქმეზე მოვიდნენ, საქმის მასალებს გაეცნონ. დღევანდელი დაკითხვა დავით ფურცხვანიძესთან მიმართებაში წარმოდგენილ ფოტოსურათებს შეეხება. მიხეილ რამიშვილთან იმ მნიშვნელოვან ინფორმაციასთან დაკავშირებით გვექნება კითხვები, რაც მის მობილურ ტელეფონში აღმოჩნდა. ბატონმა მიხეილ რამიშვილმა ფოტოსურათები წარმოგვიდგინა და მისი საქმეზე, როგორც მტკიცებულების დართვა მოითხოვა. ის არ გახლავთ ჟურნალისტი, მედიის წარმომადგენელი, მან როგორც ადვოკატმა, მოიტანა ფოტოსურათები და ჩვენგან მოითხოვა მოცემულობად მიგვეღო, შეგვესწავლა გარემოება, რადგან ამ ორი ფოტოსურათით დასტურდებოდა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანა 2020 წლის 19 ივლისს, მაწევანის ტერიტორიაზე არ იმყოფებოდა. არ მინდა შევაფასო, რომ გარკვეულწილად ცდილობენ პასუხისმგებლობას გაექცნენ, რადგან ამ საქმეში ჯერჯერობით პასუხისმგებლობის საკითხს, თუნდაც, მიხეილ რამიშვილის მიმართ, მიმდინარე გამოძიების მიხედვით, არ განვიხილავთ. ვატარებთ ყველა საგამოძიებო მოქმედებას საქმესთან მიმართებაში. იმ შემთხვევაში, თუკი რომელიმე პირის პასუხისმგებლობის საკითხი დადგინდა, ნებისმიერი პირის მიმართ მივიღებთ სამართლებრივ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა დავით გუმბერიძემ.

მისივე განმარტებით, მიხეილ რამიშვილის ტელეფონში აღმოჩნდა მნიშვნელოვანი მტკიცებულებები და დავით ფურცხვანიძესთან კომუნიკაციის ამსახველი საუბრები.

„აღმოჩნდა ასევე ის ფოტოსურათები, რომელიც გამოძიებაში წარმოგვიდგინა, რაზეც ექსპერტიზამ დაადგინა, რომ მონტაჟის შედეგად არის მიღებული, შეიცავს ცრუ ინფორმაციას და ყალბია. ასევე აღმოჩნდა სხვა ფოტოსურათები, რომელიც სატელიტის ფოტოებს უკავშირდებოდა. ჩვენ ამ გარემოებებთან გვექნება კითხვები. აგრეთვე, დავაზუსტებთ იმ ინფორმაციას, თუ ვინ იყო მის კონტაქტებში ჩაწერილი „ყარაბახად“, რადგან საჯაროდ ბატონი მიხეილ რამიშვილის სხვა განმარტებებს ვისმენთ, თუმცა, ტელეფონის დათვალიერებით დგინდება, რომ გადმომგზავნი პირი, ვინც ჩაწერილი ყავდა 2020 წლის 9 სექტემბერს, ამ მოცემულობით კომუნიკაცია ამ პირსა და მიხეილ რამიშვილს შორის, არის დავით ფურცხვანიძე. შემდეგ ვინ შეცვალა, ვინ ჩაწერა კონტაქტად და რა სახელი დაარქვა მიხეილ რამიშვილმა მის ტელეფონში გარკვეულ პირებს, ჩვენი განსახილველი არ არის. დღეის მოცემულობით, ფურცხვანიძე ჩაწერილი ჰყავს, როგორც „დავითი სატელიტები“, მაგრამ მიმოწერით სულ სხვა ფაქტი დგინდება“, – განაცხადა პროკურორმა.