მთის კურორტების კომპანია - დეზინფორმაციაა, თითქოს წყლის შეწყვეტა ხელოვნური გათოვლიანების სისტემამ გამოიწვია
მთის კურორტების კომპანია - დეზინფორმაციაა, თითქოს წყლის შეწყვეტა ხელოვნური გათოვლიანების სისტემამ გამოიწვია

მთის კურორტების განვითარების კომპანიაში არ ადასტურებენ ინფორმაციას, თითქოს გუდაურსა და ბაკურიანში წყლის შეწყვეტა ხელოვნური გათოვლიანების სისტემის ჩართვამ გამოიწვია.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ხელოვნური გათოვლიანების სისტემა, სატესტო რეჟიმში ფუნქციონირებდა და მას სრული დატვირთვით არ უმუშავია.

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ბოლო კვირების განმავლობაში წყალმომარაგების სისტემიდან არ მომხდარა წყლის გამოყენება, სწორედ იმ მიზეზით, რომ მთის კურორტებზე უნალექობის გამო წყლის ნაკლებობა შეინიშნებოდა. გათოვლიანების სისტემისთვის სეზონის გახსნამდე შეგროვდა 10 000 კუბი წყალი. სწორედ ეს მცირე მარაგი იქნა გამოყენებული ხელოვნური გათოვლიანების მეორე ფაზის ტესტირებისთვის. ხელოვნური გათოვლიანების სისტემა, როგორც აღვნიშნეთ, სატესტო რეჟიმში ფუნქციონირებდა, მას სრული დატვირთვით არ უმუშავია, არც სათხილამურო გზის სრული საფარი გაუთოვლიანებია, ამას ემატება ისიც, რომ კურორტზე დღის განმავლობაში სათანადო ყინვა არ იყო, შესაბამისად სრული დატვირთვით სისტემა ვერ იმუშავებდა. მთის კურორტების განვითარების კომპანია ემიჯნება სპეკულაციებსა და ცრუ ინფორმაციებს“, – აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

გუდაურში არსებულ „რედკოს“ დასახლების კორპუსებს წყლის მიწოდება 31 დეკემბრის საღამოს შეუწყდა. წყლის მიწოდება გუდაურისთვის გუშინ საღამოს განახლდა. თუმცა, როგორც ცოტა ხნის წინ საქართველოს პირველ არხს „რედკოს“ პროექტების მენეჯერმა, მალხაზ კუნელაურმა განუცხადა, დასახლებაში წყალმომარაგება ისევ შეწყდა. წყალმომარაგების პრობლემები აქვს ასევე ბაკურიანს.