მთის კურორტების განვითარების კომპანია - ოთხივე სამთო-სათხილამურო კურორტზე ვიზიტორთა რაოდენობა 578%-ით გაიზარდა
მთის კურორტების განვითარების კომპანია - ოთხივე სამთო-სათხილამურო კურორტზე ვიზიტორთა რაოდენობა 578%-ით გაიზარდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიამ“ 2018-2019 წლების სამთო-სათხილამურო სეზონი დაასრულა.

მთის კურორტების განვითარების კომპანიის ინფორმაციით, სეზონი 128 დღე გაგრძელდა.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, სამთო-სათხილამურო კურორტებზე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებამ ხელი შეუწყო ვიზიტორთა ზრდას.

მათივე ინფორმაციით, დაარსებიდან დღემდე გუდაურმა რამდენიმე მილიონ ტურისტს უმასპინძლა და ამ ხნის განმავლობაში აღმოსავლეთ ევროპის ზამთრის კურორტებში მოწინავე ადგილი დაიკავა. კურორტზე ექვსი ახალი საბაგირო აშენდა, ასევე ორ საბაგიროს ჩაუტარდა რეკონსტრუქცია. ახალი საბაგიროების მშენებლობით, გუდაურში 3,5-ჯერ გაიზარდა გამტარუნარიანობა, რაც იმას ნიშნავს, რომ საბაგიროთი გაცილებით მეტი მოთხილამურე რიგის გარეშე სარგებლობდა. დამატებითი საბაგიროების მშენებლობასა და არსებულის რეკონსტრუირებასთან ერთად, სასრიალო არეალიც 20%-ით გაიზარდა.

გუდაურში, ბაკურიანში, სვანეთსა და გოდერძიზე დამონტაჟებული ავსტრიული კომპანია „სკიდატას“ უკონტაქტო გამშვები პუნქტები საშუალებას იძლევა ზუსტად მოხდეს ვიზიტორთა რაოდენობის დათვლა. ბოლო წლებში საქართველოში საგრძნობლად მოიმატა როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ტურისტების რაოდენობამ. 2011/2012 – 2018/2019 წლებში ოთხივე სამთო-სათხილამურო კურორტზე (გუდაური, ბაკურიანი, გოდერძი, სვანეთი) 578%-ით გაიზარდა ვიზიტორთა რაოდენობა.

2017-2018 წლების ზამთრის სათხილამურო სეზონთან შედარებით, წელს ტურისტების რაოდენობა საგრძნობლადაა მომატებული. ვიზიტორთა რაოდენობა 15%-ით არის გაზრდილი. კურორტ გუდაურში 2018/2019 წლების სათხილამურო სეზონი გასულ წელს რომ შევადაროთ, ვიზიტორების რაოდენობა 19%-ით გაიზარდა. რაც შეეხება ბაკურიანს, 2018/2019 წლების სეზონის მაჩვენებლით, 2017/2018 წლებთან შედარებით ვიზიტორების რაოდენობამ 20%-ით მოიმატა. მაღალმთიან აჭარაში, კურორტი გოდერძი მეოთხე წელია მასპინძლობს დამსვენებლებს.

2018/2019 წლების ზამთრის სათხილამურო სეზონი, გასულ წელს რომ შევადაროთ, 43%-ით გაიზარდა ვიზიტორთა რაოდენობა, გოდერძის სათხილამურო კურორტზე 14758 ვიზიტორი გახლდათ.

სვანეთში, კურორტ თეთნულდზე 2018/2019 წლების სათხილამურო სეზონი 2017/2018 წლებს რომ შევადაროთ, ვიზიტორების რაოდენობა 17%-ით, ხოლო ჰაწვალზე 13%-ითაა გაზრდილი. თეთნულდსა და ჰაწვალს ჯამში 41499 ვიზიტორი ეწვია.