მთის კურორტების განვითარება რეგიონული განვითარების სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია
მთის კურორტების განვითარება რეგიონული განვითარების სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია

ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, თავისი უწყების ერთ-ერთ ძირითადი პრიორიტეტად ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობას ასახელებს.

როგორც ცქიტიშვილმა დღეს ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება უდიდეს როლს თამაშობს რეგიონის მდგრად ეკონომიკურ განვითარებაში, ასევე სიღარიბის დაძლევაში, რადგან ტურიზმიდან მიღებული სარგებლის ყველაზე დიდი წილი სწორედ რეგიონში რჩება.

„შარშან, დეკემბერში დასრულდა ჩვენს რეგიონში ყველაზე გრძელი, კობი-გუდაურის საბაგიროს 7.2 კმ გზა, რომლის დაფარვაც 25 წუთშია შესაძლებელი და ზამთარში, დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების დროს, როცა ჯვრის უღელტეხილზე გამავალი საავტომობილო გზა ჩაკეტილია, დამსვენებლები ყაზბეგიდან გუდაურში გადასვლას საბაგიროთი შეძლებენ. შედეგად, გაიზრდება გუდაურის, როგორც საკურორტო ზონის გეოგრაფიული არეალი და  ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურა კობშიც გაჩნდება. ასევე  ყაზბეგი-გუდაურის საავტომობილო მონაკვეთზე სატრანსპორტო მოძრაობა განიტვირთება“, -განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

როგორც პრეზენტაციისას მინისტრმა აღნიშნა, გუდაურში საბაგიროსთან ერთად, გასულ წელს  წყლის ხელოვნური რეზერვუარი (100 000მ3)  მოეწყო, რომელიც ზამთარში კურორტზე  სათხილამურო ტრასების გათოვლიანებისთვის არის მნიშვნელოვანი. ასევე, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში დასრულდა გერგეტის სამებამდე მისასვლელი 5.6 კმ გზა, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს ტურისტთა გადაადგილებას და ვიზიტორთა რაოდენობას ზრდის.