მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით ვენაში ეუთო-ს მუდმივმოქმედი საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართა
მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით ვენაში ეუთო-ს მუდმივმოქმედი საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართა

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით დღეს ვენაში ეუთო-ს მუდმივმოქმედი საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართა. შეხვედრას ეუთო-ს 57 წევრი სახელმწიფოს წარმომადგენელი დაესწრო. შეხვედრის გახსნისას მუდმივმოქმედი საბჭოს თავმჯდომარემ, ელჩმა იგლი ჰასანიმ შეშფოთება გამოთქვა მიმდინარე შეტაკებებისა და ადგილზე ვითარების გაუარების გამო. ამის შესახებ განცხადება ეუთო-ს ვებგვერდზე ვრცელდება.

იგლი ჰასანიმ ასევე შეშფოთება გამოთქვა მსხვერპლის მზარდი რიცხვის გამო და მწუხარება გამოთქვა დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახის წევრების მიმართ.

ეუთო-ს თავმჯდომარის პირადმა წარმომადგენელმა, ელჩმა ანდრჟეი კასპრჟიკმა ბრიფინგზე საბჭოს წევრებს აცნობა, რომ ის ინფორმაციას ადგილიდან პირდაპირ და უმაღლეს დონეზე ადგილობრივი ინფორმატორებისგან იღებს.

ელჩის თქმით, ის მუდმივ კონტაქზე იმყოფება კონფლიქტურ მხარეებთან და მისი გუნდი მზად არის მონიტორინგის გასაახლებლად, როგორც კი ამის საშუალებას ვითარება მისცემთ.

მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნების, საფრანგეთის, რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ თანათავმჯდომარეები ყველა მხარეს მიმართავენ, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები და განაახლონ მოლაპარაკებები კონფლიქტის მდგრადი გადაჭრისთვის.

მოლაპარაკების გზით გამოსავლის პოვნის მნიშვნელობაზე ყურადღება გაამახვილა ეუთოს ხელმძღვანელობამაც.