მთაწმინდის პარკში ურბანული ტყის ლანდშაფტის აღდგენისა და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის შუალედური ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა
მთაწმინდის პარკში ურბანული ტყის ლანდშაფტის აღდგენისა და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის შუალედური ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა

მთაწმინდის პარკში, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით მიმდინარე, თბილისის ურბანული ტყის ლანდშაფტის აღდგენისა და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის შუალედური ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა.

პრეზენტაციაზე, რომელიც ფონდის, თბილისის მერიისა და გარემოს დაცვისა და სოფლის სამინისტროს ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა, პროექტის ფარგლებში განხორციელებული კვლევის შედეგები და მის საფუძველზე შემუშავებული ხედვა წარადგინეს.

ღონისძიებას დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ბოლო წლებში ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებისთვის კონკრეტული ნაბიჯები იდგმება სხვადასხვა პროექტის სახით, ასევე, შეჩერდა მწვანე სივრცეების ხარჯზე განაშენიანება.

„ბოლო პერიოდში, ამ მიმართულებით ბევრი კარგი პროექტი განვახორციელეთ: სკვერებისა და პარკების მოწყობა, განახლება და რეაბილიტაცია, ასევე, დაგეგმილი გვაქვს ახალი, საქალაქო პარკების მშენებლობა. ჩვენ გვახსოვს წლები, როდესაც რეკრეაციული სივრცეების, სკვერებისა და პარკების ხარჯზე ხორციელდებოდა სამშენებლო სამუშაოები, რაც კატეგორიულად მიუღებელია და ვფიქრობ, ქალაქში არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ეს ყველაფერი შეიძლება მოსწონდეს. რა თქმა უნდა, ჩვენ ხელს არ შევუშლით ქალაქის ურბანულ განვითარებას, მშენებლობებიც განხორციელდება, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა მოხდეს სწორად“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძემ  ხაზი გაუსვა დედაქალაქის შემადგენლობაში არსებული ტყეების მდგომარეობის გამოსწორებას და ამ მიზნით, ფონდ „ქართუს“ მიმდინარე პროექტს.

„აღნიშნული პროექტის ფარგლებში 700 ჰექტარი გამწვანდება. ეს ტერიტორია მოიცავს კუს ტბისა და მთაწმინდის პარკის მიმდებარე სივრცეებს, ხოლო სამხრეთით ემიჯნება ოქროყანის დასახლებას. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ მარადმწვანე და ფოთლოვანი ხეების, ასევე ბუჩქოვანი და ბალახოვანი საფარის განაშენიანება – რეაბილიტირება მოხდება, გარდა ამისა, გათვალისწინებულია როგორც ტურისტული, ასევე სპორტული საფეხმავლო ბილიკების პროექტების განხორციელება. ამ ყველაფრისთვის, როგორც ქალაქის მერმა და რიგითმა მოქალაქემ, მსურს, მადლობა გადავუხადო ფონდ „ქართუს“, ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს. ჩვენ ძალიან მალე დავიწყებთ სამუშაოების განხორციელებას. ეს არის ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთი საქველმოქმედო პროექტი, რომლის ფარგლებში მთლიანად აღდგება მთაწმინდის ფერდობის და მიმდებარე ტერიტორიების ტყე. ეს მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობა გაუმჯობესდეს. რა თქმა უნდა, არის სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებებიც, რომლებსაც ჩვენ ერთობლივად ვახორციელებთ, თუმცა ამ პროექტის განხორციელება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქალაქისთვის. მინდა ყველას წარმატება ვუსურვო, წარმატება ვუსურვო ჩემს ქალაქს და მადლობა გადავუხადო ფონდ „ქართუს“ ამ მნიშვნელოვანი პროექტისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ჩხეტიანმა განაცხადა, ეს არ არის უნიკალური პროექტი და უკვე საკმაოდ დიდი სამუშაოები ჩატარდა.

„თბილისში მკვეთრად გაიზარდა მოსახლეობა, ამას მოჰყვა მავნე გამონაბოლქვის ზრდა და ასეთ ვითარებაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება სარეკრეაციო, მწვანე ზონებს. რამდენიმე თვის წინ, ჩვენ დავაანონსეთ თბილისის ურბანული ტყის პროექტი, ხოლო დღეს მოხდება ამ პერიოდში განხორციელებული სამუშაოს დეტალური მიმოხილვა და პრეზენტაცია. ჩვენთან საზოგადოება ხშირად არასწორად უდგება პროექტებს და მისი დაანონსებისთანავე ელოდება მყისიერად საველე სამუშაოების დაწყებას. ეს არასწორია, ვინაიდან ნებისმიერ საქმეს სჭირდება სწორი დაგეგმვა, განსაკუთრებით გარემოსდაცვით პროექტებს, რადგან ბუნება არასდროს გვაპატიებს დაშვებულ შეცდომებს. განხორციელდა უნიკალური, გიგანტური სამუშაო“, – განაცხადა ნიკოლოზ ჩხეტიანმა.

მისივე თქმით, საუკეთესო ექსპერტებმა შეისწავლეს 700 ჰექტრამდე ტერიტორია, რომელიც განლაგებულია თბილისის ადმინისტრაციული საზღვრის ფარგლებში და მოიცავს, როგორც მთაწმინდის ფერდობს, ასევე მიმდებარე ფერდობებს.

„ეს ტერიტორია შესწავლილია ყველა მიმართულებით – ფლორა, ფაუნა, გეოლოგია, ნიადაგი და ა.შ. დაიდო რეალური სამუშაო გეგმა, რომლის მიხედვითაც, უახლოეს დღეებში დაიწყება სამუშაოების განხორციელება. ეს საკმაოდ ხანგრძლივი პროექტია. მიუხედავად იმისა, რომ ფონდი „ქართუ“ ძალიან დიდი ორგანიზაციაა, უამრავი პროექტი აქვს განხორციელებული და დიდ ფინანსურ შესაძლებლობებს ფლობს, ეს იმ ტიპის პროექტია, რომელიც ვერ იქნება წარმატებული და ვერ განხორციელდება მთელი საზოგადოების ჩართულობის გარეშე. შეუძლებელია, ერთმა ორგანიზაციამ აწიოს ამხელა პროექტი, ამიტომ ჩვენ ველოდებით მოქალაქეებისგან, ყველა თბილისელისგან, რომ მხარს დაგვიჭერს და ჩაერთვება ამ პროექტის განხორციელებაში. ამას ჩვენ ვაკეთებთ არა ჩვენთვის, არამედ ჩვენი შვილებისა და მომავალი თაობებისთვის, რადგან თუ დღეს არ მივხედეთ ამ ფერდობს, გამწვანებულ მთაწმინდას მხოლოდ ფოტოებში თუ დავინახავთ“, – განაცხადა ჩხეტიანმა.

პროექტის მიზანია არსებული ტერიტორიის ლანდშაფტი ოთხივე სეზონზე იყოს გათვლილი. ის ითვალისწინებს როგორც ტურისტული, ისე სპორტული საფეხმავლო ბილიკების მოწყობას; ექსტრემალური სპორტის მოყვარულთათვის გათვალისწინებული იქნება სამთო ველოსიპედებისა და სხვა სპორტული აქტივობებისთვის გზები; მოეწყობა დასასვენებელი სივრცეები, საპიკნიკე ადგილები, სანაგვე ურნები და გარე განათების სისტემები.

პროექტის შემუშავებაში ჩართული იყო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კვლევითი ცენტრი, მისი ლაბორატორიები და სპეციალისტები. პრეზენტაციას საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, დედაქალაქის მერის მოადგილეები, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ. პრეზენტაციის ბოლოს, ღონისძიების მონაწილეებმა და სტუმრებმა მთაწმინდის ფერდობზე, სიმბოლურად, ნერგები დარგეს.

მთაწმინდის პარკში ურბანული ტყის ლანდშაფტის აღდგენისა და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის შუალედური ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა.


 

დატოვე კომენტარი