მთაწმინდის პანთეონში სადრენაჟე სისტემის მოწყობა დაიწყო
მთაწმინდის პანთეონში სადრენაჟე სისტემის მოწყობა დაიწყო

შპს „თბილსერვის ჯგუფის“ სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელების ექსპლუატაციის სამსახური მთაწმინდის რაიონში, ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში სადრენაჟე სისტემას მოაწყობს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„პანთეონში გრუნტის წყლების არსებობის გამო, გუბეები წარმოიქმნება, რომელთა მოცულობა უხვი ნალექის დროს იზრდება და საფლავების დატბორვის საშიშროება არსებობს. აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, შესაბამისი სამუშაოების წარმოება „თბილსერვის ჯგუფს“ დაევალა“, – აცხადებენ თბილისის მერიაში.

მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში, საფლავებსა და პანთეონის უკანა კედელს შორის სადრენაჟე სისტემა და წყლის შემკრები ჭა მოეწყობა, საიდანაც წყალი სანიაღვრე ქსელში ჩაედინება. აღნიშნულ სამუშაოებში სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელების ექსპლუატაციის სამსახურის თანამშრომლები არიან ჩართული.

სისტემის მოწყობის პროცესი ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

დატოვე კომენტარი