მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან იოსელიანი ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდებს
მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან იოსელიანი ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდებს

მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან იოსელიანი ამომრჩევლებს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდებს.

იოსელიანის თქმით, თუ აქტიურობა მაღალი იქნება, ხელისუფლება გაყალბებას ვერ შეძლებს.

„31-ივე უბანზე გვყავს წარმომადგენელი და მათ მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ მას შემდეგ, რაც გაიხსნა უბნები, იყო მცირეოდენი დარღვევები. მათი აქტიურობის შედეგად ეს დარღვევები აღმოფხვრილია და მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს პროცესი.

პატარა დარღვევის შემთხვევაშიც ამომრჩეველს შეუძლია, მათ წარმომადგენლებს მიმართონ. ნებისმიერს შეუძლია, დარეკოს ცხელ ხაზზე, მოვიდეს ჩვენს ოფისში, ან მომწეროს სოციალურ ქსელში. იმ შემთხვევაში, თუ აქტივობა იქნება მაღალი, რა გაყალბებაც არ უნდა მოიფიქროს ხელისუფლებაზე აუცილებლად გავიმარჯვებთ“, – განაცხადა იოსელიანმა.

მთაწმინდაზე პარლამენტის შუალედური არჩევნების დროს 33 საარჩევნო უბანი მუშაობს. პირველივე ტურში გამარჯვებისთვის კანდიდატმა ამომრჩეველთა ხმების 50 პროცენტზე მეტი უნდა მოიპოვოს. არჩეულ დეპუტატს უფლებამოსილების განხორციელებისთვის დაახლოებით 16 თვე ექნება.

პარლამენტის შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტად აირჩიეს.

მთაწმინდის მაჟორიტარობის სურვილი 20 კანდიდატს აქვს. საარჩევნო ოლქში რეგისტრირებულ 43 908 ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება ექვსი საინიციატივო ჯგუფისა და 14 პარტიის მიერ წარდგენილ კანდიდატს შორის მოუწევს.