მთაწმინდაზე ჩაისა და თაფლის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართა

17:54, 21.04.2018

თბილისში, მთაწმინდაზე ჩაისა და თაფლის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართა.

ღონისძიება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა გახსნა. „თბილისის ჩაის ფესტივალი“ სამინისტროს, საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაციისა და მთაწმინდის პარკის მიერ არის ორგანიზებული.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, ფესტივალის მთავარი ამოცანაა მეჩაიეობის სფეროში ეკონომიკური ზრდის წახალისება, ერთობლივი ეკონომიკური რეგიონული პროექტების განხორციელება, ადგილობრივი საშუალო და მცირე მწარმოებლების მხარდაჭერა, ასევე საზოგადოებაში მომხმარებელთა შორის ნატურალური ჩაის პოპულარიზაცია და შიდა ბაზრის ათვისება.

„დღევანდელ ფესტივალზე წარმოდგენილია ჩაის და თაფლის სეგმენტი, მონაწილეობენ ჩაის იმპორტიორებიც. ფესტივალი აჩვენებს, თუ როგორი პროგრესია ყოველ წლიურად ამ სფეროში, ჩნდებიან ახალი კომპანიები და ვითარდებიან უკვე არსებულები. ასეთი ღონისძიებები ხელს უწყობს როგორც ტრადიციების შენარჩუნებას და განვითარებას, ასევე რეგიონში ამ დარგის აღორძინებას“, – განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა თენგიზ სვანიძემ ფესტივალის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2005 წლიდან ის ყოველ წლიურად მეტ მონაწილეს აერთიანებს და დარგის პოპულარიზაციას ახდენს.

ფესტივალში 10–მდე ქართული კომპანია და ასევე, უცხოელი მწარმოებლებიც მონაწილეობდნენ. ფესტივალზე წარმოდგენილი იყო ჩაისა და თაფლის უნიკალური სახეები.

მსგავსი