მთაწმინდაზე ამომრჩეველთა აქტივობა 17:00 საათის მდგომარეობით 32,5 პროცენტს შეადგენს
მთაწმინდაზე ამომრჩეველთა აქტივობა 17:00 საათის მდგომარეობით 32,5 პროცენტს შეადგენს

მთაწმინდის #1 მაჟორიტარულ ოლქში 17:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 32,5 პროცენტი შეადგინა, რაც რაოდენობრივად 14 278 ამომრჩეველია.

როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ განაცხადა, 19 მაისს შუალედური არჩევნების პირველ ტურზე 17:00 საათის მონაცემებით აქტივობა 26,6 პროცენტი იყო.

„მთელი დღის განმავლობაში საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი მიმდინარეობდა მშვიდად, ყველასთვის ხელმისაწვდომ გარემოში. ვრცელდება ინფორმაცია ამომრჩევლის გარეთ აღრიცხვიანობასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საარჩევნო უბნის გარეთ კომისია არ ახორციელებს კონტროლს. ამომრჩევლის აღრიცხვა კანონმდებლობით არ იკრძალება, მაგრამ ეს პროცესი ისე უნდა წარიმართოს, რომ დაცული იყოს ამომრჩევლის ნების თავისუფლად გამოხატვის პრინციპი“,- განაცხადა მიქელაძემ.

მისივე ინფორმაციით, 17:00 საათისათვის საოლქო-საარჩევნო კომისიაში შესულია ორი საჩივარი.

„ერთი საჩივარი ეხებოდა ერთ-ერთი საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრის მიერ წილისყრის პროცედურაზე უარის თქმას, ხოლო მეორე საჩივარი შეეხება N17 საარჩევნო უბანზე არაუფლებამოსილი პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავებას. აღნიშნული საჩივარი დაწერილია სადამკვირვებლო ორგანიზაცია „სამართალდამცავთა დაცვის ლიგის“ მიერ, ფაქტი იქნა აღმოფხვრილი საარჩევნო უბანზევე”, – განაცხადა ცესკო-ს პრესსპიკერმა.