მთავრობის წევრებმა დიმა ჯაიანის ოჯახს მიუსამძიმრეს
მთავრობის წევრებმა დიმა ჯაიანის ოჯახს მიუსამძიმრეს

საქართველოს სახალხო არტისტის, დიმა ჯაიანის ოჯახს პრემიერ-მინისტრმა, მთავრობის წევრებმა და დედაქალაქის მერმა მიუსამძიმრეს. მსახიობის სამოქალაქო პანაშვიდი რუსთაველის თეატრში მიმდინარეობს.

კულტურის მინისტრის, მიხეილ გიორგაძის განცხადებით, დიმა ჯაიანი ნამდვილად გამორჩეული მოქალაქე და ადამიანი იყო.

„პირველ რიგში, მინდა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მივუსამძიმრო. მინდა გადაუჭარბებლად ვთქვა, რომ ეს სამძიმარი მთელ თეატრალურ საზოგადოებას ეკუთვნის. დიმა ჯაიანის სახით, მართლაც წავიდა გამორჩეული ადამიანი და ამ ქვეყნის ერთ-ერთი გამორჩეული მოქალაქე. იგი ყოველთვის ოცნებობდა, რომ სოხუმის თეატრს ახალი სეზონი გაეხსნა სოხუმში და იმედი მაქვს, რომ მისი ეს ყველაზე დიდი ოცნება მალე ასრულდება“, – განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო თეატრის ყოფილ სამხატვრო ხელმძღვანელს, დიმა ჯაიანს დღეს საბურთალოს ამაღლების ეკლესიის ეზოში დაკრძალავენ. მსახიობს რუსთაველის თეატრიდან 14:00 საათზე გამოასვენებენ.

სოხუმის დრამატული თეატრის მსახიობი და ამავე თეატრის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი დიმა ჯაიანი 67 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის მძიმედ იყო ავად.