მთავრობის წევრები EBRD-ის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდნენ
მთავრობის წევრები EBRD-ის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდნენ

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის წევრები პოლიტიკისა და პარტნიორობის საკითხებში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, მარკ ბოუმენს შეხვდნენ.

სტუმართან გამართულ შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი.

მხარეებმა მიმოიხილეს სექტორული თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები – ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის, მოისმინეს ინფორმაცია ქვეშეთი-კობის გვირაბის მშენებლობის მიმდინარეობის შესახებ, ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმები, ჯანდაცვის სფეროში EBRD-ის მხარდაჭერით მიმდინარე პროგრამები, შავი ზღვის რეგიონში დაკავშირებადობის გაზრდის მიზნით რეგიონული მნიშვნელობის პროექტები და სხვა.

ყურადღება დაეთმო ქვეყნის მიმდინარე მაკროეკონომიკურ, მონეტარულ და ფისკალურ პარამეტრებს. აღინიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკა, რეგიონში არსებული გამოწვევების მიუხედავად, ინარჩუნებს მაღალ და მდგრად ზრდას.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა გამოთქვეს იმედი, რომ პარტნიორობა როგორც სტრუქტურული, ისე ეკონომიკური რეფორმების განხორციელების მიმართულებით კვლავ გაგრძელდება.

ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.