მთავრობის სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილება 111 კანონში შედის 
მთავრობის სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილება 111 კანონში შედის 

მთავრობის სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, საკანონმდებლო ცვლილება 111 კანონში შედის, რომლის მიხედვითაც, საქართველოში სამინისტროების რაოდენობა 13-მდე მცირდება.

საკანონმდებლო პაკეტის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება, რომელიც 18:00 საათზეა ჩანიშნული.

პარლამენტში წარდგენილი პროექტის მიხედვით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკის სამინისტრო და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბუნებრივი რესურსების – სასარგებლო წიაღისეულის მართვის მიმართულება უერთდება.

ცვლილებებით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამინისტრო უერთდება და გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინისტრო ჩამოყალიბდება.

ამასთან, პროექტით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდობის საქმეთა მართვის მიმართულება უერთდება, ხოლო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის მიმართულება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს უერთდება და სამინისტროს სახელწოდება კულტურისა და სპორტის სამინისტრო იქნება.

„განათლების სამინისტროსთან ახალგაზრდობის საქმეთა მართვის კომპონენტის გაერთიანება ახალგაზრდულ მიმართულებას უფრო მეტ შესაძლებლობებს გაუჩენს და განათლების რეფორმასთან მის ინტეგრაციას მოახდენს. რაც შეეხება სპორტის მიმართულებას, კულტურასთან მისი ინტეგრაცია თანასწორ შესაძლებლობებს გააჩენს ამ ორი უმნიშვნელოვანესი სფეროს მიმართულებას და უფრო ეფექტურ მართვას უზრუნველყოფს”, – განმარტავს მთავრობა.

მას შემდეგ, რაც პარლამენტში აღნიშნულ საკანონმდებლო ცვლილებებს დაამტკიცებს, საკანონმდებლო ორგანოს მთავრობისთვის ხელახლა ნდობის გამოცხადება მოუწევს.