მთავრობის სტრატკომი - ინფორმაცია, თითქოს ირაკლი ღარიბაშვილი ნავთობის გადაზიდვის სექტორში კონკრეტულ კომპანიებს ლობირებს, არის დეზინფორმაცია და დისკრედიტაციის მცდელობა
მთავრობის სტრატკომი - ინფორმაცია, თითქოს ირაკლი ღარიბაშვილი ნავთობის გადაზიდვის სექტორში კონკრეტულ კომპანიებს ლობირებს, არის დეზინფორმაცია და დისკრედიტაციის მცდელობა

საქართველოს მთავრობის სტრატკომი განცხადებას ავრცელებს ცალკეული მედიასაშუალებებისა და ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, თითქოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნავთობის გადაზიდვის სექტორში კონკრეტულ კომპანიებს ლობირებს და რაიმე სახის ინტერესები აქვს. მათი შეფასებით, ეს არის სრული დეზინფორმაცია, რომლის გავრცელება წარმოადგენს პრემიერ-მინისტრის დისკრედიტაციის მცდელობას.

„აღსანიშნავია, რომ ამ თემაზე ყალბი ინფორმაცია ცალკეულმა მედიასაშუალებებმა 2020 წლის მაისშიც გაავრცელეს, რასაც პასუხი გაეცა. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ – ეს არის ცრუ და გაურკვეველ ინფორმაციაზე დაყრდნობით გარკვეული პოლიტიკური დღის წესრიგით შეთითხნილი ბრალდება, რომელსაც არავითარი საფუძველი არ გააჩნია. პრემიერ-მინისტრობის პერიოდში ირაკლი ღარიბაშვილს სამსახურებრივი შემხებლობა ჰქონდა ბევრ ადამიანთან, მათ შორის ნახსენებ პიროვნებასთან – აკაკი ჩხენკელთან. აღნიშნული პირი გახლდათ მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი 2013 წლის 13 დეკემბრიდან 2014 წლის 8 დეკემბრამდე და თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. აღნიშნული პერიოდის შემდეგ, პრემიერ-მინისტრს მასთან არანაირი სახის ურთიერთობა აღარ აკავშირებს. შესაბამისად, აღნიშნული ვარაუდი თუ ბრალდება სრულიად უსაფუძვლოა“, – ნათქვამია მთავრობის სტრატკომის განცხადებაში.