მთავრობის მხრიდან დათმობების მიუხედავად, ფრანგი ფერმერები საპროტესტო აქციებს აგრძელებენ
მთავრობის მხრიდან დათმობების მიუხედავად, ფრანგი ფერმერები საპროტესტო აქციებს აგრძელებენ

მთავრობის მხრიდან დათმობების მიუხედავად, ფრანგი ფერმერები საპროტესტო აქციებს აგრძელებენ, – ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ფერმერების საპროტესტო აქციები მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართება. ისინი აცხადებენ, რომ დემონსტრაციების ჩასახშობად მთავრობის მიერ მიღებული ზომები საკმარისი არ არის მათი ცხოვრების პირობებისთვის.

საფრანგეთის ხელისუფლებამ უარი თქვა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების დიზელზე გადასახადის შემცირებაზე, ხოლო ფინანსური და ადმინისტრაციული ზეწოლის შესამსუბუქებლად გარკვეული ტექნიკური პროცედურების რადიკალურად გამარტივებას დათანხმდა. საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, გაბრიელ ატალმა ასევე დაადასტურა, რომ საფრანგეთი დარჩება წინააღმდეგი, ევროკავშირმა მოაწეროს ხელი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას Mercosur-ის სავაჭრო ჯგუფთან, რადგან ფრანგი ფერმერები თვლიან, რომ ეს ლათინური ამერიკის ქვეყნების მხრიდან არაკეთილსინდისიერი კონკურენციაა. თუმცა, სოფლის მეურნეობის წარმომადგენლებმა ეს არასაკმარისად მიიჩნიეს და საპროტესტო აქციებს განაგრძობენ.

ამასთან ერთად, დემონსტრანტებმა გამართეს მდუმარე მსვლელობა საფრანგეთის ქალაქ ბოვეში, რათა პატივი მიეგოთ ბოლო წლებში დაღუპული ფერმერებისთვის, რომელთაც სამუშაო პირობების სტრესის გამო სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულეს.