მთავრობის ხვალინდელ სხდომაზე პირველ საკითხად „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულების მოშლას განიხილავენ
მთავრობის ხვალინდელ სხდომაზე პირველ საკითხად „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულების მოშლას განიხილავენ

საქართველოს მთავრობის ხვალინდელი სხდომის დღის წესრიგის პირველი საკითხი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულების მოშლაა.

კერძოდ, მთავრობის სხდომის დღის წესრიგში ანაკლიის პორტთან დაკავშირებული საკითხი შეტანილია სახელწოდებით – საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „ანაკლიაში შავი ზღვის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის, ოპერირებისა და გადაცემის (BOT) შესახებ“ საქართველოს მთავრობას და შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის 2016 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულების მოშლის შესახებ“.

საკითხზე მომხსენებელი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი იქნება.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პროექტისთვის დაფინანსების მოძიების საბოლოო ვადა 2019 წლის 31 დეკემბერს ამოეწურა. კონსორციუმმა ამავე დღეს განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ კონსორციუმი არ წყვეტს მუშაობას ინვესტორთან და მიმართავს ყველა საშუალებას, რომ პროექტი არ გაჩერდეს და წინ წავიდეს. კონსორციუმის განცხადებით, არსებულ ვითარებაში, გადამწყვეტი როლი აქვს სახელმწიფოს მხარდაჭერასა და აქტიურ ჩართულობას, განსაკუთრებით ინვესტორთან მოლაპარაკების პროცესში.

ამასთან, მიმდინარე წლის 3 იანვარს განცხადება გაავრცელა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, რომელშიც აღნიშნულია, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ ინტერესთა გამოხატვის შედეგად მთავრობასთან საინვესტიციო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა. უწყება განმარტავს, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ 2019 წლის ბოლომდე უნდა წარედგინა გაფორმებული ხელშეკრულებები – საერთაშორისო ბანკებთან 400 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით სესხის გამოყოფისა და პოტენციურ ინვესტორებთან 120 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის საკუთარი კაპიტალის შევსების თაობაზე, ასევე უნდა წარედგინა ხელმოწერილი ხელშეკრულებები პორტის ოპერატორთან და მშენებელ კომპანიებთან.

საქართველოს მთავრობის სხდომა ხვალ, 10:00 საათზე დაიწყება. დღის წესრიგში სულ ათი საკითხია.