მთავრობის ინფორმაციით, 31 მაისის მდგომარეობით, უცხოეთში მყოფ საქართველოს 21 521 მოქალაქეს დახმარება ადგილზე გაეწია, ხოლო 13 256 პირი სამშობლოში დაბრუნდა
მთავრობის ინფორმაციით, 31 მაისის მდგომარეობით, უცხოეთში მყოფ საქართველოს 21 521 მოქალაქეს დახმარება ადგილზე გაეწია, ხოლო 13 256 პირი სამშობლოში დაბრუნდა

მთავრობა პარლამენტისთვის წარდგენილ წლიურ ანგარიშში აღნიშნავს, რომ „კოვიდ-19“-თან ბრძოლის ფარგლებში, პანდემიის შედეგად შექმნილი რთული ვითარების გათვალისწინებით, მიმდინარეობდა აქტიური მუშაობა სხვადასხვა ქვეყნის მიერ შემოღებული შეზღუდვების შედეგად უცხოეთში ჩარჩენილი საქართველოს მოქალაქეების ქვეყანაში დაბრუნებასა და ადგილზე დახმარების გაწევაზე, სამედიცინო პროდუქციის, აღჭურვილობის, მოწყობილობებისა და ნედლეულის იმპორტის ხელშეწყობაზე.

„ახალი კორონავირუსის (კოვიდ-19) პანდემიის ფონზე, საქართველოსა და რეგიონის ქვეყნებს შორის დღეისთვის არსებული პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდა და განვითარდა. გლობალური პანდემიის პირობებში, რეგიონის ქვეყნებთან ორმხრივი პარტნიორობის შედეგად, შესაძლებელი გახდა მოქალაქეთა გადაადგილება (სამშობლოში დაბრუნება) და ტვირთების შეუფერხებელი გატარება.

საერთო ჯამში, 31 მაისის მდგომარეობით, საქართველოში დაბრუნებულ იქნა 13 256 საქართველოს მოქალაქე, ხოლო ადგილზე სხვადასხვა სახის დახმარება გაეწია უცხოეთში მყოფ 21 521 მოქალაქეს. განხორციელდა 75 ავიარეისი მსოფლიოს 24 ქვეყნიდან“, – ნათქვამია დოკუმენტში.