მთავრობის განკარგულებით, ჯანდაცვის სამინისტროს დავალების საფუძველზე, სამედიცინო საგნებისა და მედიკამენტების საცხოვრებელ მისამართებზე მიწოდებას „საქართველოს ფოსტა“ უზრუნველყოფს
ჯანდაცვის სამინისტროს დავალების საფუძველზე, სამედიცინო საგნების, მედიკამენტებისა და დავალებით გათვალისწინებული სხვა შიგთავსის საცხოვრებელ მისამართებზე მიწოდებას „საქართველოს ფოსტა“ უზრუნველყოფს. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულებაშია ნათქვამი.
ცვლილება „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში შევიდა.
„შპს „საქართველოს ფოსტამ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ან/და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დავალების საფუძველზე უზრუნველყოს სამედიცინო დანიშნულების საგნებისა და მედიკამენტების, აგრეთვე დავალებით განსაზღვრული სხვა ნებისმიერი შიგთავსის მქონე საფოსტო გზავნილის საცხოვრებელ მისამართებზე უსასყიდლოდ მიწოდება“, – ნათქვამია საქართველოს მთავრობის განკარგულებაში.