65 დევნილ ოჯახს ახლად აშენებული საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცემა, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კი, ფოლადის ახალი საწარმო ამოქმედდება
65 დევნილ ოჯახს ახლად აშენებული საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცემა, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კი, ფოლადის ახალი საწარმო ამოქმედდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 11 საკითხი განიხილა.

მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა განკარგულება, რომლის თანახმად, 65 დევნილ ოჯახს ახლად აშენებული საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცემა. ეს საცხოვრებელი ბინები ქუთაისში, ზუგდიდსა და თბილისში მდებარეობს.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, დევნილი მოსახლეობის ხელშეწყობა, მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. 2012 წლიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სახელმწიფოსგან ათასობით დევნილმა ოჯახმა უკვე მიიღო საკუთრებაში საცხოვრებელი ფართები და ეს პროცესი აქტიურად გაგრძელდება.

მთავრობამ დღესვე დაამტკიცა განკარგულება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ფოლადის სახლისთვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ, რომლის თანახმად, სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, შპს „ფოლადის სახლს“ ფოლადის ნაწარმის საწარმოს შესაქმნელად, სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცემა გარდაბანში, მარტყოფში, ვაზიანის დასახლებაში მდებარე არასასოფლო დანიშნულების მიწის ნაკვეთები და მასზე განთავსებული ნაგებობები. ფოლადის ნაწარმის საწარმოში, რომელიც პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ორი წლის ვადაში შეიქმნება, 3 819 664 ლარის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდება და 50 ადამიანი დასაქმდება.

დატოვე კომენტარი