მთავრობის გადაწყვეტილებით, ეკონომიკის პირდაპირი დახმარებისთვის ორი მილიარდი ლარი გამოიყო
მთავრობის გადაწყვეტილებით, ეკონომიკის პირდაპირი დახმარებისთვის ორი მილიარდი ლარი გამოიყო

მთავრობის გადაწყვეტილებით, ეკონომიკის პირდაპირი დახმარების თვალსაზრისით ორი მილიარდი ლარი გამოიყო. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხდა.

ეკონომიკის მხარდაჭერის გეგმის ძირითად მიმართულებებზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.

პრემიერის შეფასებით, ეს არის ის დახმარება, რომელიც მიმართული იქნება, როგორც სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად, ასევე კომპანიების შესანარჩუნებლად, კომპანიების მიმდინარე წარმოების, მიმდინარე ბიზნესების შესანარჩუნებლად.

„პირველ რიგში გვესმის, რომ ჩვენმა თითოეულმა მოქალაქემ მიიღო პირდაპირი ეკონომიკური ზიანი იმ ღონისძიებებთან დაკავშირებით, რომლებიც, მთავრობა იძულებულია, გაატაროს, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის დასაცავად. ეს ზიანი, ხშირ შემთხვევაში არის პირდაპირი და ხელშესახები. ხშირ შემთხვევაში, ადამიანებმა დაკარგეს შემოსავალი და სამუშაო ადგილები. სწორედ ამიტომ, ამ ეტაპზე და იმის გათვალისწინებით, რომ ეს კრიზისი, ყველა სხვა კრიზისისგან განსხვავდება იმით, რომ შეუძლებელია ზუსტი პროგნოზი, როგორც ხანგრძლივობის, ისევე, ეკონომიკაზე მიყენებული ზიანის სწორი შეფასების თვალსაზრისით, იძულებული ვართ და ყველა სხვა ფაქტორისგან განსხვავებით, ჩვენი პასუხისმგებლობაა, მაქსიმალურად ეფექტურად და რაციონალურად გამოვიყენოთ ჩვენი ეკონომიკის თუნდაც ის მწირი შესაძლებლობები, რომელიც დღეს გვაქვს”, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

გიორგი გახარიას თქმით, ეს გადაწყვეტილება უკიდურესად მნიშვნელოვანია, რათა კრიზისის დაძლევის ფაზისთანავე, ქართული ეკონომიკა იყოს მზად, სწრაფად განვითარდეს და აღიდგინოს ის სასტარტო პოზიციები, რომელიც წლის დასაწყისში ჰქონდა.

„ამ მიმართულებით, ერთმნიშვნელოვნად, ჩვენი გადაწყვეტილებაა, რომ მაქსიმალურს გავაკეთებთ, რათა ჯანმრთელობის უსაფრთხოების დაცვის პირობებში შევინარჩუნოთ მსხვილი, სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტები, ისევე, როგორც მხარი დავუჭიროთ და მივცეთ საშუალება სისტემურ წარმოებებს, გააგრძელონ მუშაობა და მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ ეკონომიკის სისტემურ დარგებს. ამ მიმართულებით, ჩვენ დღეის მდგომარეობით ბიუჯეტში მობილიზებული გვაქვს 2 მილიარდი ლარი. ეს არის, მხოლოდ და მხოლოდ დასაწყისი და პირველი ეტაპი იმ მონაცემებით, რომელიც დღეს გვაქვს”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ გარკვეულ ეტაპზე, გარკვეული დროის შემდგომ, შესაძლებელია ქვეყანა აღმოჩნდეს ისეთი გამოწვევების წინაშე, რომ ეს დახმარება იყოს კიდევ უფრო გასაზრდელი.

პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს 2 მილიარდი არ მოიცავს ჯანდაცვის თვალსაზრისით ბიუჯეტიდან პირდაპირ მიმართულ და გამოყოფილ თანხას covid 19-ის წინააღმდეგ, რომელიც 351 მლნ ლარს შეადგენს.

„ეს არის თანხა, რომელიც კრიზისულ ბიუჯეტში არის რეზერვირებული იმისთვის, რომ ჩვენ ვიბრძოლოთ ჩვენი თანამოქალაქეების ჯანმრთელობისთვის და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ხელი შევუშალოთ ინფექციის როგორც მასშტაბის, ისე გეოგრაფიული გავრცელების სწრაფ ზრდას. ეს თანხა უნდა იყოს უაღრესად რაციონალურად გამოყენებული”, – აღნიშნა პრემიერმა.