მთავრობის გადაწყვეტილებით, დასაშვები ხდება ღია სივრცეში სემინარებისა და ტრენინგების ჩატარება, ასევე სათავგადასავლო აქტივობები, რომელთა ღია ცის ქვეშ ჩატარებაც შესაძლებელია
მთავრობის გადაწყვეტილებით, დასაშვები ხდება ღია სივრცეში სემინარებისა და ტრენინგების ჩატარება, ასევე სათავგადასავლო აქტივობები, რომელთა ღია ცის ქვეშ ჩატარებაც შესაძლებელია

საქართველოში ეკონომიკისა და შიდა ტურიზმის ეტაპობრივი გახსნის ფარგლებში, მთავრობის გადაწყვეტილებით, დასაშვები ხდება ღია სივრცეში სემინარებისა და ტრენინგების ჩატარება, ასევე სათავგადასავლო აქტივობები, რომელთა ღია ცის ქვეშ ჩატარებაც შესაძლებელია. მაგალითად რაფტინგი, კაიაკინგი, კანიონინგი – საწყლოსნო, საჰაერო და სახმელეთო სათავგადასავლო სახეობები.

ღია ცის ქვეშ სემინარები თუ ტრენინგები, ისევე, როგორც ნებადართული სათავგადასავლო სახეობები, უნდა ჩატარდეს ჯანდაცვის სამინისტროს ზოგადი რეკომენდაციების შესაბამისად.

აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა.

საბჭოს წევრებმა განიხილეს მთავრობის განკარგულებით განსაზღვრულ პრიორიტეტულ ჯგუფებში „პისიარ“-ტესტირებების გაფართოების პროცესის მიმდინარეობა და სიმძლავრეების თანდათან გაზრდის შესაძლებლობები. აღინიშნა, რომ წლის ბოლომდე ქვეყანას დღის განმავლობაში 10 ათასი „პისიარ“-ტესტის ჩატარება უნდა შეეძლოს.

ამასთან, შიდა ტურიზმის გახსნასთან ერთად, რისკების ეფექტური მართვის მიზნით, აქტიურად გრძელდება დადგენილი წესებისა და სტანდარტის კონტროლი, როგორც სასტუმროებში, ასევე რესტორნებსა და კვების სხვა ობიექტებში. მთავრობა კიდევ ერთხელ მოუწოდებს ბიზნესს, მკაცრად დაიცვან დადგენილი რეგულაციები, რათა კანონით განსაზღვრული ჯარიმების გამოყენების აუცილებლობა მინიმუმამდე შემცირდეს.

არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები კვლავაც რჩება ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 895 დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც 741 პირი უკვე გამოჯანმრთელდა. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე. გარდაცვლილია 14 ადამიანი.

ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 2891 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 256 პირი.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.