მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა ის დარგები, რომლებსაც ელექტროენერგიის სუბსიდირება შეეხება
მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა ის დარგები, რომლებსაც ელექტროენერგიის სუბსიდირება შეეხება

„საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნდა მთავრობის დადგენილება, სადაც ჩამოთვლილია ის სამეწარმეო საქმიანობები, რომლებსაც 2021 წლის პირველი იანვრიდან ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფი დაუსუბსიდირდებათ.

დადგენილების მიხედვით, 2021 წლის განმავლობაში ელექტროენერგიის გადასახადის ნაწილობრივი სუბსიდიის დაფინანსება განხორციელდება 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „ახალი კორონავირუსის გავრცელებიდან გამომდინარე ეკონომიკის ხელშეწყობის ღონისძიებების“ პროგრამული კოდით გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში.

სუბსიდირება ეხება ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფს შორის წარმოქმნილი სხვაობის 50 პროცენტს.

კერძოდ, სემეკ-ის გადაწყვეტილებით, ბიზნესსუბიექტებისთვის დენის ტარიფი 12 თეთრით გაიზარდა. აქედან, 2021 წლის განმავლობაში, ექვს თეთრს მთავრობა დაასუბსიდირებს. ამ წესით განსაზღვრული ნაწილობრივი სუბსიდირების მიღების მიზნით, მეწარმე სუბიექტმა ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით (https//www.registration.gov.ge) 2021 წლის 13 იანვრიდან 27 იანვრამდე განცხადება უნდა შეავსოს.

დადგენილების მიხედვით, სუბსიდირებს ეხება შემდეგ დარგებს:

მეფრინველეობა, ხორცის გადამუშავება და კონსერვირება, შინაური ფრინველის ხორცის გადამუშავება და კონსერვირება, ხორცის პროდუქტების წარმოება, თევზის, კიბოსნაირებისა და მოლუსკების გადამუშავება და კონსერვირება, კარტოფილის გადამუშავება და კონსერვირება, ხილისა და ბოსტნეულის გადამუშავებისა და კონსერვირების სხვა სახეები, ზეთებისა და ცხიმების წარმოება, მარგარინისა და მსგავსი საკვები ცხიმების წარმოება, რძის გადამუშავება და რძის პროდუქტების წარმოება, საფქველ-ბურღულეული პროდუქტების წარმოება, სახამებლებისა და სახამებელი პროდუქტების წარმოება, პურის წარმოება; არახანგრძლივი შენახვის ცომეული საკონდიტრო ნაწარმის, ნამცხვრებისა და მისთ. წარმოება, ორცხობილებისა და მშრალი ნამცხვრის წარმოება, მაკარონის, ატრიის, კუსკუსისა და მსგავსი ცომეული პროდუქტების, შაქრის წარმოება, სუნელ-სანელებლებისა და საკაზმ-სანელებლების წარმოება, ჰომოგენიზებული საკვები პრეპარატებისა და დიეტური საკვები პროდუქტების წარმოება, მზა საკვების წარმოება ფერმის ცხოველებისათვის, მზა საკვების წარმოება შინაური ცხოველებისათვის.