მთავრობის ახალი სტრუქტურის პრეზენტაციას მამუკა ბახტაძე ხვალ გამართავს
მთავრობის ახალი სტრუქტურის პრეზენტაციას მამუკა ბახტაძე ხვალ გამართავს

მთავრობაში  მხოლოდ 11 სამინისტრო დარჩება და ეს რაოდენობა  ეფექტიანი საქმიანობისთვის სრულიად ოპტიმალურია, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩვენ ხვალ ჩავატარებთ მთავრობის სხდომას, სადაც დეტალურად ვისაუბრებთ, როგორი ახალი სტრუქტურით წარვდგებით პარლამენტის წინაშე. შემიძლია დავადასტურო, რომ სამინისტროების რაოდენობა არ იქნება 11-ზე მეტი. როგორც განვაცხადე, ეს არის ოპტიმალური რაოდენობა იმისთვის, რომ ეფექტურად გავუმკლავდეთ არსებულ გამოწვევებს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერმა არ დააკონკრეტა, ვინ დარჩება მთავრობის ახალ შემადგენლობაში და კვლავ იქნება თუ არა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.

„ჩვენ განახლებულ შემადგენლობას წარვადგენთ პარლამენტში. ხვალ გვექნება ახალი სტრუქტურის პრეზენტაცია. დეტალურად ავხსნი, რომელი კომპონენტი რომელში გადავა და როგორ მოხდება ოპტიმიზაცია“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებების შესახებ პრემიერ-მინისტრმა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებთან რამდენიმე კონსულტაცია გამართა.