მთავრობის ახალი სტრუქტურის პრეზენტაციას მამუკა ბახტაძე დღეს გამართავს
მთავრობის ახალი სტრუქტურის პრეზენტაციას მამუკა ბახტაძე დღეს გამართავს

მამუკა ბახტაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრად დამტკიცების შემდეგ მთავრობის პირველ სხდომას დღეს გამართავს.

სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი მთავრობის ახალი სტრუქტურის პრეზენტაციას გამართავს.

მამუკა ბახტაძის ინფორმაციით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ახალი სტრუქტურის შესახებ დეტალურად ისაუბრებენ.

მისივე თქმით, მთავრობაში მხოლოდ 11 სამინისტრო დარჩება და ეს რაოდენობა ეფექტიანი საქმიანობისთვის სრულიად ოპტიმალურია.

„ჩვენ ჩავატარებთ მთავრობის სხდომას, სადაც დეტალურად ვისაუბრებთ, როგორი ახალი სტრუქტურით წარვდგებით პარლამენტის წინაშე. შემიძლია დავადასტურო, რომ სამინისტროების რაოდენობა არ იქნება 11-ზე მეტი. როგორც განვაცხადე, ეს არის ოპტიმალური რაოდენობა იმისთვის, რომ ეფექტურად გავუმკლავდეთ არსებულ გამოწვევებს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერმა არ დააკონკრეტა, ვინ დარჩება მთავრობის ახალ შემადგენლობაში და კვლავ იქნება თუ არა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.

„ჩვენ განახლებულ შემადგენლობას წარვადგენთ პარლამენტში. ხვალ გვექნება ახალი სტრუქტურის პრეზენტაცია. დეტალურად ავხსნი, რომელი კომპონენტი რომელში გადავა და როგორ მოხდება ოპტიმიზაცია“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, ახალი სამთავრობო სტრუქტურის გარდა, კიდევ 12 საკითხზე იმსჯელებენ. დღის წესრიგში მეორე საკითხადაა შეტანილი ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის დამტკიცების საკითხი.

საქართველოს მთავრობის სხდომა 12:00 საათზე დაიწყება.