მთავრობის ახალ შემადგენლობას პრემიერ-მინისტრი დღეს დაასახელებს
მთავრობის ახალ შემადგენლობას პრემიერ-მინისტრი დღეს დაასახელებს

საქართველოს მთავრობის ახალ შემადგენლობას პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში 09:00 საათზე წარადგენს.

გუშინ საღამოს, „ქართული ოცნების“ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც მთავრობის შემადგენლობასთან დაკავშირებით იმსჯელეს. როგორც უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, პოლიტსაბჭოს სხდომაზე იმსჯელეს იმ მნიშვნელოვან პრიორიტეტებსა და რეფორმებზე, რომლებიც, თალაკვაძის თქმით, მინისტრთა კაბინეტის დამტკიცებისთანავე დაიწყება.

თალკვაძის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა საპარლამენტო გუნდს წარუდგინა მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა, მათ შორის ახალი სახეებიც.

სტრუქტურული ცვლილებების მიხედვით, საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში 10 სამინისტრო და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატი რჩება.

კერძოდ, კულტურისა და სპორტის სამინისტრო შეერწყმება განათლების სამინისტროს. სასჯელაღსრულების სამინისტრო – იუსტიციის სამინისტროს. ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების სამინისტრო უქმდება და მისი ფუნქცია სამ სხვადასხვა უწყებაზე გადანაწილდება.

დევნილთათვის განსახლების ფუნქცია გადავა ინფრასტრუქტურის სამინისტროში, მიგრაციას შსს შეითავსებს, სოციალურ პოლიტიკას – ჯანდაცვის სამინისტრო.

გარდა ამისა, რელიგიის სააგენტო შეერწყმება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს.

ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი განვითარების კომპონენტი ინფრასტრუქტურის სამინისტროში გადადის.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი მიხეილ ბატიაშვილის კანდიდატურა სახელდება.

წინასწარი ინფორმაციით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გარდა, ცვლილებები ეკონომიკური გუნდის მინისტრებს – ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროების ხელმძღვანელებს შეეხებათ.

მთავრობას ნდობის მისაღებად 76 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდება.

არსებული ინფორმაციით, მთავრობის შემადგენლობიდან თანამდებობას რამდენიმე მინისტრი შეინარჩუნებს, რომელთა შორის სავარაუდოდ იქნებიან – თეა წულუკიანი, ქეთევან ციხელაშვილი, გიორგი გახარია, მაია ცქიტიშვილი, ლევან დავითაშვილი, დავით ზალკანიანი, დავით სერგეენკო, ლევან იზორია.

სავარაუდოდ, მინისტრის პოსტიდან წასვლა მოუწევს – მიხეილ ჩხენკელს, სამინისტროების გაერთიანებიდან გამომდინარე მინისტრთა კაბინეტში სავარაუდოდ აღარ იქნებიან – მიხეილ გიორგაძე, სოზარ სუბარი და კახა კახიშვილი.

საკანონმდებლო ორგანო კი, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურას 12 ივლისს დაიწყებს და 14 ივლისს დაასრულებს.